ვოლგა, ხვიჩა და რეალში ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი - EFE-ს სტატია გუცაევზე
Aa
Aa

ვოლგა, ხვიჩა და რეალში ჩაშლილი ტრანსფერის ამბავი - EFE-ს სტატია გუცაევზე

ესპანურმა საინფორმაციო სააგენტო EFE-მ ვლადიმერ გუცაევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი იმ პერიოდს იხსენებს, როცა მისით „რეალი“ იყო დაინტერესებული. Crystalsport სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

***

1981 წელს, პოლიტიკამ და ვოლგამ ხელი შეუშალეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც, თბილისის დინამოს ფეხბურთელი, ვლადიმერ გუცაევი რეალის ვარსკვლავებიდან ერთ-ერთში, ხუანიტოში ან სანტილიანაში უნდა გაეცვალათ.

„გაოცებული და ამავდროულად ბედნიერი ვიყავი, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს შეუძლებელი გახლდათ. მაშინდელ საბჭოთა კავშირში ყველაფერი ასე იყო“, - განაცხადა გუცაევმა ერთ-ერთი ინტერვიუსას.

13 მაისს, დინამოს მიერ 1981 წელს მოპოვებული გამარჯვებიდან 40 წელი გადის და გუცაევს, რომელმაც იმ ფინალში გოლი გაიტანა, არ ავიწყდება პერიოდი, რომელიც კარლ ცაისთან მატჩიდან, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ ტურნირამდე იყო.

ტრანსფერის მცდელობა

დინამომ რეალთან 2-4 წააგო, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მაშინდელი წყაროების მიხედვით, შტილიკესა და კამაჩოს აჯობა.

„ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. ახლაც მახსოვს დელ ბოსკემ და შტილიკემ რა მაგრად ითამაშეს, მაგრამ ამ რთულ გამოწვევას ჩვენც გავუმკლავდით და მომთხოვნმა ესპანელებმა ჩემში რაღაც სწორედ მაშინ დაინახეს“, - იხსენებს გუცაევი.

მატჩის შემდეგ, ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი გუცაევთან მივიდა და შეატყობინა, რომ მისით რეალი დაინტერესდა. „მან მითხრა, რომ მადრიდელები მზად იყვნენ, ნებისმიერი თანხა გადაეხადათ“.

სამაგიეროს შიში

გუცაევმა, რომელიც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების წევრი იყო, კარგად იცოდა, დასავლურ კლუბში გადასვლა მასსა და მის ოჯახს რას მოუტანდა. „შეთავაზება რომ მიმეღო და ესპანეთში დავრჩენილიყავი, დინამოსა და ჩემს ნათესავებს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. გამორიცხული არაა, რომ ჩემთვის სამშობლოს მოღალატის იარლიყიც მოეკერებინათ", - ამბობს გუცაევი.

ქართველი ფეხბურთელი რეალის წინადადებას მიესალმა, მაგრამ მადრიდელებს თავაზიანი უარი უთხრა, მიზეზად კი დაასახელა ის, რომ საქართველოსი და ქართველი ქომაგების სიყვარულის გამო საბჭოთა კავშირის დატოვება მისთვის წარმოუდგენელი გახლდათ. სხვათა შორის, მანამდე საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნებმა რეალის კიდევ ერთ წინადადებაზე თქვეს უარი და სამეფო კლუბს ლევ იაშინის ტრანსფერის გაჩარხვის უფლება არ მისცეს.

ვოლგა და ბარტერი

გუცაევი აღიარებს, რომ ბლანკოსისთვის უარის სათქმელად „უცნაური“ მიზეზის გამოგონება მოუწია, თუმცა რეალის მენეჯერები ბოლომდე მაინც ვერ დაარწმუნა. „ვუთხარი, რომ საქართველოში არა მხოლოდ ჩემი ოჯახი, არამედ ჩემი საყვარელი მანქანა, ვოლგაც მელოდებოდა. ესპანელები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რომელ მანქანასთან განშორებას ვერ ვახერხებდი", - იხსენებს გუცაევი.

საუკეთესო საბჭოთა მანქანა, ვოლგა იმ პერიოდში 16 000 რუბლი ღირდა, რაც მაშინ დიდი თანხა იყო. გუცაევი ხელფასის სახით თვეში 360 მანეთს იღებდა, თუმცა ამას მნიშვნელოვანი გოლების გატანის შემდეგ ქომაგებისგან მიღებული თანხაც ემატებოდა (მაგალითად, 1979 წელს, ლივერპულთან გატანილი გოლისთვის). ერთადერთი პრივილეგია, რომელიც საბჭოთა ფეხბურთელებს ჰქონდათ, გახლდათ ის, რომ მათ მანქანების რიგში დგომა არ უწევდათ.

ბლანკოსის სასოწარკვეთილმა მენეჯერებმა კიდევ ერთი რამ სცადეს: „მათ დინამოს ჩემ სანაცვლოდ სანტილიანა ან ხუანიტო შესთავაზეს. ჩვენ ამ წინადადებაზე უარი განვაცხადეთ და ესპანურ მხარეს ვერ გაეგო, ეს რატომ გავაკეთეთ“.

მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა

გუცაევი დინამოში კარიერის ბოლომდე თამაშობდა და 1978 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, თუმცა 1982 წელს, ესპანეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში არ გამოიძახეს. „ესპანელები გაოცებულნი იყვნენ. რა ძლიერი ფეხბურთელებით უნდა ყოფილიყო სსრკ-ს ნაკრები დაკომპლექტებული, თუ გუცაევი განაცხადს მიღმა რჩებოდა. პირადად მე, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებამ დიდი დარტყმა მომაყენა“.

გუცაევის მიხედვით, მაშინ საბჭოთა ჩემპიონატი ძალიან ძლიერი იყო და ყველაზე გამორჩეული კლუბი ლობანოვსკის კიევის დინამო გახლდათ, თუმცა ქართველი ფეხბურთელი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩები ევროპაში რომ ენახათ, კიევის დინამო ტიტულებს ვერ დაისაკუთრებდა.

„მადრიდში გამართული შეხვედრებით დღემდე ვამაყობ. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ პატარა საქართველოდან ვიღაც ბიჭებს ფეხბურთის თამაში შეეძლოთ. ქუჩაში 40 წლის შემდეგაც მაჩერებენ და ამის გამო მადლობას მიხდიან“.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც მადრიდში თამაშზე ოცნებობს

გუცაევი ქართული ფეხბურთის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. დიდწილად ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დამსახურებაა, რომელიც ფსონს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, რაც ქართველ ფეხბურთელებს სისხლში აქვთ.

„ესპანეთის ნაკრებს, რომელიც ახალ გუნდს აშენებს, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში თანაბრად ვეთამაშეთ და ეს ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს“.

გუცაევი დარწმუნებულია, რომ ახალი ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რუბინის ღირსებას იცავს, დიდ ნახტომს გააკეთებს და რეალში აღმოჩნდება. „ხვიჩა ჩემს თავს მახსენებს და მას დიდი პოტენციალი აქვს. იგი სისწრაფით, ინტუიციითა და ტაქტიკური ინტელექტით გამოირჩევა და რაც მთავარია, ფეხბურთით ცხოვრობს. იგი ბურთთან ერთად იღვიძებს და იძინებს“.

ესპანეთის წინააღმდეგ გატანილი გოლით ხვიჩამ განცხადება გააკეთა, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში სათამაშოდ მზადაა და როგორც თავად ამბობს, იგი რეალის გულშემატკივარია“, - წერს EFE.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები