ლაშა სილაგავა:
Aa
Aa

ლაშა სილაგავა: "პენალტი უნდა დანიშნულიყო"

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. ანდალუსიელები ორჯერ იგებდნენ, თუმცა „ბლანკოსმა“ ორივეჯერ მოახერხა გათანაბრება.

„სევილიამ“ მეორე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ამან კი სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ პენალტი არ იყო, ნაწილი კი პირიქით. ძირითადად კამათი იმაზე მიმდინარეობს, რომ ედერ მილიტაოს ბურთი ჯერ მხარზე მოხვდა, ხოლო შემდეგ ხელზე.

ამასთან დაკავშირებით, Crystalsport „უეფა-ს“ კატეგორიის გამოცდილ ყოფილ არბიტრს ლაშა სილაგავას დაუკავშირდა და ეპიზოდზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.

რა თქვა ლაშა სილაგავამ?

„ვფიქრობ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მილიტაოს ბურთი ჯერ მხარზე მოხვდა, აისხლიტა და შემდეგ ხელის მტევანზე მოხვდა, ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა ხელის მდგომარეობას აქვს. ამ შემთხვევაში მისი ხელი მთელი სიგრძით იყო გაშლილი და ბურთისკენ მიმართული. ამიტომ ჩაითვალა დარღვევად და დაინიშნა პენალტი.“

„რეალმა“ გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან

ამავე ტურში „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. გამარჯვების შემთხვევაში „სამეფო კლუბი“ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ამ მომენტისთვის, ლა ლიგას „ატლეტიკო“ 77 ქულით ლიდერობს. 75-75 ქულა აქვთ „რეალს“ და „ბარსელონას“, თუმცა „ბლანკოსი“ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის დაფიქსირების გამო მეორე პოზიციაზე იმყოფება. ცნობისთვის, ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები