„2 რაუნდში დავაფინიშებ
Aa
Aa

„2 რაუნდში დავაფინიშებ" - ჭიკაძე მაქს ჰოლოუეის იწვევს და გამარჯვებაში დარწმუნებულია

UFC-ის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს მომდევნო ბრძოლის გამართვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ სურს. „ნინძა“ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და TMZ-სთან საუბრისას თამამი პროგნოზიც გააკეთა.

„ჩემი საოცნებო ბრძოლა? რა თქმა უნდა, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ. წლეულს საქართველოში ვიყავი და მაქსისა და კელვინ კატარის ჩხუბი წავიყვანე. ამ ბრძოლას ვუყურე და ალბათ, ჰოლოუეის ასპარეზობა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მინახავს.

ყოველთვის, როცა ის კრივის საოცარ კომბინაციების ახორციელებდა, ვამბობდი: „მასთან ჩხუბი მინდა. მასთან ჩხუბი მინდა“. უამრავი წერილი მივიღე, რომლებშიც მეუბნებოდნენ, რომ ჰოლოუეისთან ბრძოლის შემთხვევაში, აუცილებლად დავმარცხდები და ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. ნამდვილად ვფიქრობ, რომ UFC-ში საუკეთესო სტრაიკერი ვარ და მსურს ჰოლოუეისთან ვიჩხუბო, მაქსი გამოვიწვიო და მსოფლიოს ვაჩვენო, რა შემიძლია.

გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ორგანიზაციაში საუკეთესო და მაქს ჰოლოუეიზე ბევრად უკეთესი სტრაიკერი ვარ. უბრალოდ მჭირდება შანსი, რომ ეს დავამტკიცო. მნიშვნელობა არ აქვს 3 რაუნდიანი ბრძოლა იქნება თუ 5-რაუნდიანი. მაქსს მაქსიმუმ 2 რაუნდში დავაფინიშებ.

რას ვეტყოდი ჰოლოუეის თუ იგი ახლა ამას უყურებს? მაქს შენ ყოფილი ჩემპიონი ხარ და სხვადასხვა წონით დივიზიონში საუკეთესოთა შორის საუკეთესოების წინააღმდეგ გიჩხუბია. ვიცი, რომ ნომერ პირველი პრეტენდენტი ხარ, მაგრამ ესაა ბრძოლა, რომლითაც ქომაგები ყველაზე მეტად ისიამოვნებენ“.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჭიკაძემ ამერიკელი მებრძოლი გამოიწვია. კაბ სვონსონის დამარცხების შემდეგ, „ნინძამ“ განაცხადა, რომ ჰოლოუეი ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან ჩხუბი სურს, თუმცა დასძინა, რომ თუ არაფერი გამოვა, მზადაა, კელვინ კატარს დაუპირისპირდეს.

ცნობისთვის, მაქს ჰოლოუეის კარიერაში 28 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 გამარჯვება და 6 მარცხია. ამერიკელმა ბოლოს ზემოთ ხსენებული კატარის წინააღმდეგ იჩხუბა და იგი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები