ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი დატოვოს
Aa
Aa

ფეხბურთელები ნერვიულობენ - შესაძლოა ზიდანმა რეალი დატოვოს

სპორტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ „რეალის“ ფეხბურთელები ნერვიულობენ. მათ აქვთ განცდა, რომ ზინედინ ზიდანს მობეზრდა კლუბში არსებული ის მოვლენები, რომელსაც ვერ აკონტროლებს და დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

მადრიდელთა შიდა სამზარეულოში ამ საკითხზე ძალიან ნერვიულობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს არ სურთ ზიდანის წასვლა. წყაროს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ძალიან გაღიზიანებულია და მზად არის კონტრაქტის ამოწურვამდე წავიდეს კლუბიდან. შეგახსენებთ, რომ ზინედინს „რეალთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

შესაძლოა წასვლის მიზეზები

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მადრიდის „რეალს“ ბევრი პრობლემა შეექმნა. ყველაზე მეტად კი ეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გამოჩნდა. გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა, რის გამოც მნიშვნელოვანი მატჩები გამოტოვეს. ეს ყველაფერი კი პრობლემებს შიდა სამზარეულოში და მის გარეთ ქმნის.

ზიდანის განწყობის ცვლილება კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილმა მარცხმაც გამოიწვია. პრობლემას ისიც ქმნის, რომ ფრანგ ლეგენდას მხარს ისეთი ფეხბურთელები აღარ უჭერენ, როგორებიც მარსელო და ისკო არიან. ორივე მათგანი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ამასობაში GOAL-მა შეიტყო, რომ ზიდანი ყოველდღიური რუტინით, რომელიც ბოლო 12 თვეა გრძელდება ძალიან დაიღალა. მას ძალიან უყვარს ვალდებებასზე ვარჯიში და გართობა ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთად, მაგრამ პანდემიამ ამისი შესაძლებლობა მოსპო.

თანამედროვე ცხოვრებაში ზიდანისთვის მადრიდში ყოფნა უამრავ კორონავირუსის ტესტის ჩატარებასთან ასოცირდება. ფრანგ სპეციალისტს გამუდმებით უწევს ამ პროცედურის გავლა, რომელიც მას ძალიან ღლის.

რას ფიქრობს „რეალის“ ხელმძღვანელობა?

„ბლანკოსის“ მმართველები იმედოვნებენ, რომ ზიდანი მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება კლუბში. ამ ყველაფერზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ზინედინმა პრესკონფერენციაზე კითხვას, რომელიც მის მომავალს ეხებოდა საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი გასცა.

ზიდანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას კლუბი პატივს სცემს, თუმცა შესაძლოა „ბლანკოსმა“ ზაფხულში „პარი სენ ჟერმენიდან“ კილიან მბაპე დაიმატოს და სწორედ ასე მოიგოს ფრანგი თავკაცის გული. ცნობილია, რომ ზიდანს ახალგაზრდა შემტევის გუნდში ხილვა ძალიან სურს.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ზიდანი?

GOAL-ის ინფორმაციით, მადრიდში სამ კანდიდატს განიხილავენ. ესენი არიან რაულ გონსალეს ბლანკო, იოჰიმ ლიოვი და მასიმილიანო ალეგრი.

რაული „კასტილიას“ წვრთნიდა და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. ლიოვი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უსამსახუროდ რჩება, ხოლო მასიმილიანო „იუვენტუსიდან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები