ვალენსიამ მამარდაშვილი იდეალურად შეისწავლა - მას პირველ გუნდში ელიან
Aa
Aa

ვალენსიამ მამარდაშვილი იდეალურად შეისწავლა - მას პირველ გუნდში ელიან

''ვალენსიამ'' თბილისის ''დინამოს'' გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ 20 წლის მეკარე ''დინამოდან'' ''ლოკომოტივში'' მიმდინარე წლის ბოლომდეა განათხოვრებული, თბილისური კლუბები საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე მსჯელობენ. ''დინამოსა'' და ''ლოკოს'' შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ტრანსფერი გარდაუვალია. ფეხბურთელი ლა ლიგის კლუბთან კონტრაქტის გაფორმებისთვის მზადაა.

ესპანური კლუბში ქართველ მეკარეზე დიდ იმედს ამყარებენ, მას პირველი გუნდის მეკარედ განიხილავენ და მასში ხედავენ პოტენციალს, რომ სამომავლოდ, პროგრესის შემთხვევაში, კლუბის ნომერ პირველი მეკარე გახდება.

ოჩოტორენას ფაქტორი

აღსანიშნავია, რომ ''ვალენსიაში'' მეკარეების მწვრთნელი ხოსე მანუელ ოჩოტორენაა, რომელიც პარალელურად ესპანეთის ეროვნულ გუნდში მუშაობს. ცხადია, ქართველი მეკარის პროგრესისთვის ამ დონის სპეციალისტთან მუშაობა ძალიან სასარგებლო იქნება. მამარდაშვილისთვის ესპანურ კლუბში გადასვლის მთავარი მოტივაცია ''ვალენსიაში'' არსებული გარემოა. ის ფიქრობს, რომ ოჩოტორენას ხელმძღვანელობით ძლიერ მეკარეებთან ერთად ვარჯიშით პროგრესს აჩვენებს და ახალ სიმაღლეზე ავა.

დაკვირვების 6-თვიანი პერიოდი

CrystalSport-ის ცნობით ესპანური კლუბის მხრიდან მამარდაშვილის მიმართ ინტერესი გასულ ზამთარში გაჩნდა. დაახლოებით 6 თვე ''ვალენსიას'' მწვრთნელები და სკაუტები მამარდაშვილის აქტიურად აკვირდებოდნენ, ნიჭიერი მეკარის პლუსებსა და მინუსებს სწავლობდნენ და ამ ეტაპზე ისინი მამარდაშვილის თამაშს იდეალურად იცნობენ.

სილესენის შესაძლო წასვლა

რეალურია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ''ვალენსია'' სილესენმა დატოვოს და მამარდაშვილს კონკურენციის გაწევა ხაუმე დომენეკთან მოუწიოს. ასეთ შემთხვევაში ძალიან რეალურია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ლა ლიგის გუნდში სასტარტოში დამკვიდრებისთვის იბრძოლოს.

სილესენის დარჩენის შემთხვევაში მამარდაშვილი კვლავ პირველი გუნდის მეკარე იქნება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და მისთვის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია, ოფიციალურ შეხვედრებს სარეზერვო გუნდის რიგებში ჩაატარებს, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს.

სათამაშო პრაქტიკის აუცილებლობა

მოლაპარაკების მიმდინარეობისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ეროვნული ნაკრების წევრია და თუ ''ვალენსიას'' პირველ გუნდში თამაში არ მოუწევს, ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდში ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშს პირველ გუნდთან ერთად გააგრძელებს. ინფორმაცია, რომ ''ვალენსიას'' მისი დამატება მეორე გუნდისთვის სურდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მასში გაცილებით დიდ პოტენციალს ხედავენ.

სხვა ევროპული ვარიანტები

CrystalSport-ის ცნობით მამარდაშვილის მიმართ რეალური ინტერესი საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბებთ აქვთ, ფეხბურთელის ყიდვას განიხილავენ, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის ''დინამოსთვის'' ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები