გოგავას შემდეგ ამინაშვილი - თავისუფლების ცუდი გამოსვლა სოფიაში
Aa
Aa

გოგავას შემდეგ ამინაშვილი - თავისუფლების ცუდი გამოსვლა სოფიაში

სოფიაში ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს სახელით ოთარ გოგავა (57 კგ.) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ, გოგავას შემდეგ ლიცენზიისთვის ბრძოლას სანდრო ამინაშვილიც გამოეთიშა.

ქართველი ფალავანი მერვედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაქარ აბაკაროვთან დამარცხდა. პირველ წრეში კი ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ მაგამაევს მძიმე ბრძოლაში 6:5 მოუგო. ასე და ამგვარად ტოკიოში გასამართი ოლიმპიურ თამაშებზე 57 და 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს მოჭიდავეები არ ეყოლება. 

სოფიას ხალიჩაზე ცოტა ხანში ბექა ლომთაძე იასპარეზებს, რომელიც ლიცენზიის მოპოვებას შეეცდება. პირველ წრეში ლომთაძემ კანადელი დილონ ემანუელ ვილიამსი დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში რუმინელ ნიკოლაი ოხლოპკოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ლიცენზიისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც გამოვლენ. საქართველოს სახელით დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) და ბაკური გოგოლი (77) იასპარეზებენ.

დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან : გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები