Aa
Aa

„მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი" - ახალი სახელი დვალიშვილის შესაძლო მეტოქეთა სიაში

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის შესაძლო მომდევნო მეტოქეთა სიაში ახალი სახელი გაჩნდა. დვალიშვილმა MmmaJunkie-ის ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ არის შანსი, საჩემპიონო ქამრის ყოფილ პრეტენდენტს შეერკინოს.

„UFC-მ მარლონ მორაესის სახელი ახსენა და მასთან სიამოვნებით ვიჩხუბებდი. მას უდიდეს პატივს ვცემ და იგი შესანიშნავი მებრძოლია, რომელსაც ნოკაუტების განხორციელება საუცხოოდ გამოსდის და რაფაელ ასუნსაო მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

მისი სახელი ნამდვილად ახსენეს, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, მან ჩემთან ჩხუბი არ მოისურვოს, რადგან მას დიდი სახელი აქვს. ის WSOF-ის ყოფილი ჩემპიონი გახლავთ და ჰენრი სეხუდოსთან სატიტულო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მას დიდი სახელი აქვს და არ ვიცი, რა მოხდება. სამაგიეროდ, გეტყვით, რომ სტამანთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოში წასვლას და 10 დღით დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. აქ ვრჩები, ვარჯიშს განვაგრძობ და მზად ვიქნები თუ რამე მოხდება.

ჯანმრთელობის პრობლემები და ტრავმები არ მაქვს და მინდა, ოქტაგონზე გავიდე. ჩემი მიზანია ისეთ მებრძოლს ვეჩხუბო, რომელსაც დიდი სახელი აქვს, რადგან უკვე ზედიზედ 6 გამარჯვება მოვიპოვე, თუმცა ჩემი აზრით, UFC-ში ჩემს ანგარიშზე 8 მოგება და 0 მარცხი უნდა იყოს. დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, მალე ვიჩხუბო, ერთ ან ორ თვეში და მსურს, რომ მზად ვიყო“.

შეგახსენებთ, რომ კოდი სტამანთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, მერაბმა 4 ყოფილი ჩემპიონი, ტი ჯეი დილაშოუ, ჟოზე ალდო, კოდი გარბრანდტი და დომინიკ კრუზი გამოიწვია. მორაესს რაც შეეხება, ბრაზილიელ მებრძოლს MMA-ში 32 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 23-ჯერ იმარჯვა, 8-ჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრეს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ მორაესს ბოლო 4 ბრძოლიდან 3 წაგებული აქვს და 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ უჩხუბია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები