ჩელსი VS რეალი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ჩელსი VS რეალი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსიმ“ „რეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი 3:1. „არისტოკრატები“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ ფინალში არიან.

ტომას ტუხელის ბიჭებმა ზიდანის შეგირდები დაჩაგრეს. პირველ ტაიმში კარიმ ბენზემას ორი მომენტი ჰქონდა, რომელიც მენდიმ გააუვნებელყო. ამის შემდეგ „ბლანკოსს“ არაფერი გამოსდიოდა.

28-ე წუთზე ანგარიში ტიმო ვერნერმა გახსნა. მეისონ მაუნთმა 85-ე წუთზე კი საბოლოო წერტილი დასვა და კლუბი ნანატრ ფინალში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ წელს ინგლისური ფინალი შედგა. ლონდონელები 29 მაისს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.

საინტერესო ფაქტები

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრიტანეთში უკანასკნელად 2014 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. „ბლანკოსმა“ იმ სეზონში „ლივერპული“ დაამარცხა.

ტიმო ვერნერს კი ყველა ტურნირზე ერთად 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ასეთი შედეგი „ჩელსის“ სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

"ჩელსი" არის პირველი გუნდი, რომლის ქალთა და მამაკაცთა გუნდები ერთდროულად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

გერმანელი სპეციალისტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც 1 კონკრეტულ სეზონში გუნდიდან გაათავისუფლეს და სხვა გუნდის თავკაცის რანგში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ტომას ტუხელი გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ ორჯერ, სხვადასხვა გუნდით გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ჩელსი" არის ერთადერთი ევროპული გრანდი, რომელთანაც მადრიდის "რეალს" მოგება არ აქვს. 2 ფრე 3 წაგება - ასეთია "ბლანკოსის" შედეგი "არისტოკრატებთან."

მეისონ მაუნთი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევი 22 წლის და 15 დღის არის. რეკორდი კი უეინ რუნის ეკუთვნის, რომელიც 21 წლის და 182 დღის იყო.

რა თქვა ზიდანმა მატჩის შემდეგ?

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დიახ! დიახ, მათ დაიმსახურეს გამარჯვება. ჩვენ ბევრს ვეცადეთ, მაგრამ მეტოქე უკეთესად თამაშობდა. ვიმეორებ, „ჩელსიმ“ გამარჯვება და ფინალში გასვლა დაიმსახურა.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ისინი ბევრს ცდილობდნენ და ფინალამდე მხოლოდ ერთი მატჩი გვაშორებდა. „ჩელსიმ“ საოცრად ითამაშა და შეგვიძლია ისინი შევაქოთ.

საჭიროა უკეთესად თამაში გავაგრძელოთ, ზრდა არ უნდა შევწყვიტოთ. სამწუხაროდ ბევრი მომენტი არ გვქონდა. მოწინააღმდეგეს კი ასეთი უამრავი შანსი ჰქონდა. ფეხბურთი ასეთია, მაგრამ მინდა გავიმეორო - ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ახლა უნდა დავისვენოთ და ლა ლიგაზე ვიფიქროთ.

რა თქმა უნდა, ბედნიერები არ ვართ. როდესაც ნახევარფინალში მარცხდები ბედნიერი ვერ იქნები და ეს ნორმალურია. მიუხედავად ამისა, ხვალ ვარჯიშს დავუბრუნდებით და ლა ლიგისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ."

რა თქვა ტუხელმა მატჩის შემდეგ?

„გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი შედარებით რთული იყო, რადგან „რეალი“ ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა. ამან კი საქმე გაგვირთულა. ჩვენი ყველა შეტევა სახიფათო იყო. მეორე ტაიმში საოცრად დავიცავით თავი და ეს შესანიშნავი იყო.

შეგვეძლო გაცილებით მალე გაგვეტანა და თავი მშვიდად გვეგრძნო, მაგრამ ახლა კრიტიკის დრო არ არის. დიდებული მიღწევაა, გუნდს ვულოცავ!

თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „რეალია“, ყოველთვის სახიფათოა. მათ არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლიათ. ასეთი გუნდთან არასდროს არ უნდა მოდუნდე, არ დაკარგო კონცენტრაცია და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენო. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ.

მენდის ძლიერი ხელები და ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის ძალიან კარგი ბიჭია. მოხარული ვარ, რომ გოლი კიდევ ერთ შეხვედრაში არ გაუშვა. ცხოვრების მადლიერი ვარ, რადგან ფეხბურთმა უამრავი რამ მაჩუქა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ზედიზედ მეორედ ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს საოცარია.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები