სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს ზედმეტია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩის გაუქმებაზე ისაუბრა, რომელიც „მანკუნიანელებს“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ უნდა გაემართათ, თუმცა ფანების პროტესტის გამო ჩაიშალა.

გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და კლუბიდან გლეიზერების წასვლა მოითხოვეს.

„ჩვენთვის რთული დღე იყო. ჩვენ გვსურდა გულშემატკივრებისთვის „ლივერპული“ დაგვემარცხებინა. ქომაგების ხმა უნდა მოვისმინოთ. ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ცივილიზებულად. როდესაც პოლიციელები დაშავდნენ, ეს უკვე ძალიან ზედმეტია.

მე მესაკუთრეებს ვესაუბრე. მათ პირადად ბოდიში მომიხადეს. ვიცი, რომ ისინი მხოლოდ ჩემთან არ ურთიერთობენ. მათ ესმით გულშემატკივრების. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბსა და გულშემატკივრებს შორის კომუნიკაცია მალე ახალ დონეზე ავა.

ისინი გასახდელებში შევიდნენ და ეს სიტუაცია ძალიან შორს წავიდა. ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება. ამ სიტუაციაში გარკვეული პირები არ დაგვეხმარნენ.

ვიმედოვნებ, რომ ცოტა ხნის შემდეგ ერთად შეკრება შეგვეძლება. მესმის, რომ გულშემატკივრებს სურთ ნახონ შედეგები, მათ სჭირდებათ თასები.

ვიმედოვნებ, გულშემატკივრები ხედავენ, რომ ჩვენ წინ მივდივართ. ხვალ შეგვიძლია ფინალის საგზური მოვიპოვოთ“.

შეგახსენებთ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შეჭრილი ქომაგები "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელების, გლეიზერების გადადგომას ითხოვდნენ. გულშემატკივრებს ზოგადად გლეიზერების მმართველობა არ მოსწონთ და პროტესტი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც "იუნაიტედი" სუპერ ლიგაში ჩაერთო.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კლუბი სუპერ ლიგიდან გამოვიდა პროტესტი მაინც არ ცხრება. ედ ვუდვარდი დაკავებული თანამდებობიდან სეზონის დასრულების შემდეგ გადადგება, თუმცა ფანებს ეს არ აკმაყოფილებთ. მათი მთავარი მოთხოვნა გლეიზერების წასვლაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები