Aa Aa
4 მაისი 2021  |  11:58

დრამატული ქამბექიანი ფინალი - ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა სპორტინგმა მოიგო

უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ფინალური მატჩი დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. ლისაბონის „სპორტინგმა“ ესპანური „ბარსელონა“ დაამარცხა და ბოლო 3 სეზონში ტიტული მეორედ მოიგო.

კატალონიელები უკვე 51-ე წამზე დაწინაურდნენ, როცა მარსელინომ სწრაფ გარღვევას ძლიერი დარტყმა მიაყოლა. აღსანიშნავია, რომ ფინალების ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფი გოლია. აქამდე რეკორდი 59-ე წამი გახლდათ. საერთოდ, პირველი ტაიმი „ბარსას“ სოლიდური უპირატესობის ფონზე წარიმართა - ესკერდინიამ ბურთი ძელს ორჯერ მოარტყა, მაგრამ მისმა გუნდმა პირველი ნახევარი მაინც ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მე-18 წუთზე, დანიელ შირაიშის პასით, ჩიმბინიამ გაიტანა - 2:0.

შესვენებაზე პორტუგალიელები გამოფხიზლდნენ, შეცდომების დაშვებას უკლეს და მეორე ტაიმის საწყისი 8 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე 2:2 იყო. „ლომებმა“ 91-წამიან ინტერვალში ორი გოლი შეაგდეს - ჯერ ტემ გაიტანა, რასაც მენდონკას შედეგიანი დარტყმა მოჰყვა. სუპერდაძაბული ბრძოლის, ყვითელი ბარათებისა და ნერვების თამაშის ფონზე, დარჩენილ დროში კიდევ 3 გოლი გავიდა. პორტუგალიელთაგან თავი მატოსმა და ვაზმა გამოიჩინეს, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ფერაომ დააფიქსირა - 4:3. „სპორტინგი“ ისტორიაში მხოლოდ მეორე გუნდია, რომელმაც ფინალში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა - 2013 წელს ეს ყაზახურმა „კაირატმა“ გააკეთა.

უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ფინალის გამორჩეულ მოთამაშედ პორტუგალიელთა თინეიჯერი - ზიკი ტე დაასახელა. იგი პირველი თინეიჯერია, რომელმაც ფინალურ ტურნირზე გოლი შეაგდო.

ლისაბონელთა კაპიტანმა, ჟოაო მატოსმა და „ბარსას“ ფეხბურთელმა - აიკადრომ, ფინალურ ტურნირზე მე-15 შეხვერა ჩაატარეს, რაც გათამაშების რეკორდია.

„რთულია, მოძებნო სიტყვები და აღწერო ის, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი გრძნობს. შესანიშნავი მიღწევაა, რომელიც ერთიანობასა და მიზნის ერთგულებას ემყარება, რისი დახმარებითაც ისეთი დიდი გუნდი დავამარცხეთ, როგორიც „ბარსაა“. პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით, მაგრამ თამაში მოვატრიალეთ და მოვიგეთ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ“, - განაცხადა ფინალის შემდეგ პორტუგალიელთა კაპიტანმა.

გუნდის ბრწყინვალე კონტიგენტი დაასახელა წარმატების მთავარ განმაპირობებლად „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნუნო დიაშმაც.

„მინდა, ვისაუბრო იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომლებიც „სპორტინგის“ აკადემიამ აღზარდა და მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ვინც მათ განვითარებაში წვლილი შეიტანა.

სიამაყე მაქვს იმის გამო, რომ ამ ჯგუფის ნაწილი ვარ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ფეხბურთელებისგან შემდგარი ჯგუფი, ნამდვილი განმარტებაა სიტყვისა - „გუნდი“. ჩემს ცხოვრებაში ასეთ საოცარ ბიჭებთან არასდროს მიმუშავია. 5 დღის ინტერვალით, რუსეთის ჩემპიონი, ესპანეთის ჩემპიონი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დავამარცხეთ“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში