„ამ ეტაპზე ფავორიტები გლადბახი და სევილია არიან“ – Tuttomercatoweb ხვიჩაზე
Aa
Aa

„ამ ეტაპზე ფავორიტები გლადბახი და სევილია არიან“ – Tuttomercatoweb ხვიჩაზე

იტალიურ პრესაში „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი აქტიური განხილვის საგანია. „კვარას“ რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებენ და ბოლო პერიოდში ფავორიტად „იუვენტუსი“ გამოიკვეთა. აპენინებზე დაიწერა, რომ „ბიანკონერიმ“ მოლაპარაკებები დააჩქარა და ფეხბურთელის თანხმობაც ჰქონდა, თუმცა Tuttomercatoweb განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია რუსული სატრანსფერო ფანჯრის ძვირადღირებული ნაწილია. რუბინი მას 18-20 მილიონად აფასებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ისეთი შთაბეჭილება რჩება, რომ თუ ყაზანელებმა 12-მილიონიანი წინადადება მიიღეს, ტრანსფერს მწვანეს აუნთებენ.

კვარაცხელიას გადაბირებით ბევრი კლუბი ინტერესდება, მაგრამ იტალიურ გუნდებს შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ. იუვენტუსი, მილანი და ატალანტა ხვიჩას აკვირდებიან, თუმცა ამ ეტაპზე კვარაცხელიასთვის ბრძოლაში წამყვანი პოზიციები გლადბახსა და სევილიას უკავიათ“, - წერს Tuttomercatoweb.

შეგახსენებთ, რომ ახლახან „ლიდსის“ ინტერესზეც დაიწერა, თუმცა იტალიური გამოცემა „თეთრებზე“ ყურადღებას არ ამახვილებს. არადა, „ლიდსის“ ვარიანტი რამდენიმე ცნობილმა ვებგვერდმა გააჟღერა და ეს თემა სოციალურ ქსელებშიც აქტუალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები