პსჟ VS სიტი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

პსჟ VS სიტი - მატჩის შემდეგ

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველი შეხვედრა „პარი სენ ჟერმენმსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის. პეპ გუარდიოლას გუნდმა მძიმე ბრძოლაში ფრანგებს 2:1 აჯობა.

პირველი ტაიმი მასპინძლების კარნახით წარიმართა. მარკინიოსმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა. პოჩეტინოს შეგირდები ბევრს აქტიურობდნენ, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. „სიტი“ გააქტიურდა და ეს აქტიურობა ორ გოლში აისახა. დე ბრუინმა და რიად მარეზმა კეილორ ნავასის კარი დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის დროს კოსტა-რიკელ კიპერს მეტი ყურადღებით მართებდა თამაში.

საინტერესო ფაქტები

„პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 4 გოლი აქვს გატანილი. ოთხივე გოლში მონაწილეობა ანხელ დი მარიამ მიიღო. 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა. ასეთია არგენტინელის მონაგარი.

მარკინიოსი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ სტადიაზე გოლი გაიტანა. ასეთი რამ კრიშტიანუ რონალდუმ(2011-12, 2012-13, 2013-14 წლებში) და ანტუან გრიზმანმა(2015-16, 2016-17) მოახერხეს.

ევროპის თასის და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ინგლისურმა გუნდებმა 47-ჯერ მოიგეს პირველი გასვლითი მატჩი და 47-ჯერვე შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

„მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ მე-17 გასვლითი შეხვედრა მოიგო.

ნეიმარისთვის „ქალაქელებთან“ დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე რიგით 67-ე იყო. ბრაზილიელმა სუპერ ვარსკვლავმა 67 მატჩში 67 გოლში მიიღო მონაწილეობა. 41 გოლი და 26 საგოლე გადაცემა.

რა თქვა დე ბრუინმა მატჩის შემდეგ?

„ეს იყო ორი ტაიმის თამაში. მატჩი კარგად დავიწყეთ და გარკვეული კონტროლიც გვქონდა, თუმცა პსჟ საოცარი გუნდია და შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მეორე ტაიმში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა და გავიმარჯვეთ.

ვცდილობდით სივრცეების მაქსიმალურად ათვისებას. ბევრს ვითმენდით და ვფიქრობ რაც ჩაფიქრებული გვქონდა ყველაფერი გამოგვივიდა. პროგრესი, რომელიც, როგორც გუნდმა განვიცადეთ შესანიშნავი იყო.

კეილორ ნავასისთვის ჩემი დარტყმულის მოგერიება რთული იყო, რადგან ის ელოდებოდა, რომ ბურთს ვინმე სხვა შეეხებოდა. წინ მეორე შეხვედრაა და ვნახოთ რა იქნება. მარეზმა მკითხა შეიძლებოდა თუ არა, რომ ჯარიმა დაერტყა. მან გოლი გაიტანა, რაღა უნდა ვთქვა?"

გეტყვით, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ბელგიელი ნახევარმცველი გახდა.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ?

„მატჩი მართლაც ძალიან კარგად დავიწყეთ. სამწუხაროდ გოლი გავუშვით და ცოტა დავიბენით. მეორე ტაიმი ყველა ასპექტში საუკეთესო იყო. გასვლით შეხვედრაში ორი გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ 6 დღეში მეორე რთული მატჩი გველის.

0:1-ის დროს არასწორ პოზიციებზე ვიდექით. კლუბს ამ ეტაპზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. მეორე შეხვედრაში მხოლოდ ის მინდა, რომ ვიყოთ ის, რაც რეალურად ვართ.

ახლა დასვენება გვჭირდება, ბევრი ენერგია დავხარჯეთ. მეორე ტაიმში პრესინგი გავაძლიერეთ და ასე თამაში ნეიმარის, მბაპეს და დი მარიას წინააღმდეგ ადვილი არ არის. ჩემი ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ."

რა თქვა პოჩეტინომ მატჩის შემდეგ?

„ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით და დაწინაურება დავიმსახურეთ. მეორე ტაიმში მეტოქე გაცილებით უკეთესი იყო. ორივე გაშვებული გოლი შემთხვევითობა იყო, თუმცა მათ ჩვენზე ბევრად მეტი მომენტი შექმნეს.

ორივე გოლის გამო იმედგაცრუებულები ვართ. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ასეთ რამესთან შეგუება ძალიან რთულია. ეს მართლაც მტკივნეულია.

ფიზიკურად გამკლავება გაგვიჭირდა. ისინი მეტად აგრესიულები იყვნენ. ბურთი ხშირად ეჭირათ და დაბრუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ფეხბურთში ყოველთვის ყველაფრის უნდა გჯეროდეს. 6 დღეში ინგლისში მივემგზავრებით. ყველანაირად ვეცდებით გავიტანოთ და გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, უპირატესობა არ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი უნდა ცადო!“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 6 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები