კანტე - big game player, სრულყოფილი ბენზემა, იყო თუ არა პენალტი?
Aa
Aa

კანტე - big game player, სრულყოფილი ბენზემა, იყო თუ არა პენალტი?

„რეალისა“ და „ჩელსის“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში საინტერესო ტაქტიკური დუელი ვიხილეთ, რომელიც ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა არა იმდენად, რომ ტუხელის გუნდს თამაში მოეგო.

მატჩის შემდეგ ინგლისურ პრესაში საინტერესო შეფასებები გაკეთდა.

ნგოლო კანტე - big game player

კანტეს ყოფილმა თანაგუნდელმა სესკ ფაბრეგასმა მატჩის მსვლელობისას თვითერზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ნგოლო ყოველთვის იყო დიდი მატჩების ფეხბურთელი. მასში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ის დღეს 2 კაცის სამუშოს ასრულებს“.

კანტეს გუშინდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

დიდწილად სწორედ კანტეს დამსახურება იყო, რომ „რეალის“ ნახევარდაცვამ კროოსი-მოდრიჩი-კაზემიროს ტრიომ თავისი თამაში ვერ აჩვენა.

ეს რეალისთვის კარგი შედეგი იყო - ლონდონში ისინი ასე ცუდად არ ითამაშებენ

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა მატჩი BT Sport-ის ეთერში შეაფასა:

„ტუხელს მომენტი გაეპარა, როცა შეეძლო რიზ ჯეიმსი მოედანზე გაცილებით ადრე შეეშვა. ან თუნდაც კალუმ ჰადსონ ოდოი. დარწმუნებული ვარ ტუხელი იმედგაცრუებული იქნება.

არ ვფიქრობ, რომ რეალი განმეორებით შეხვედრაში ასევე ცუდად ითამაშებს. მათთვის ეს კარგი შედეგი იყო.

რეალს მხოლოდ ერთი ან ორი შანსი ჰქონდა, ჩელსის კი გაცილებით მეტი, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაც შეიძლებოდა, რაც მათ უფრო კომფორტულ შედეგს მისცემდა“.

ბენზემა - სრულყოფილი ფორვარდი

„ჩელსის, რომ ბენზემა ჰყავდეს, ისინი დღეს გაიმარჯვებდნენ და სტემფორდ ბრიჯზეც მოიგებდნენ. ის სრულყოფილი ფორვარდია.

მას ყველა ის თვისება აქვს, რომელიც ფეხბურთელს სჭირდება, უმაღლესი დონის ტექნიკური არსენალით“. - თქვა რიო ფერდინანდმა  BT Sport-ის ეთერში.

„ის ლიდერი გახდა. ეს იყო საუკეთესო შესრულება, საუკეთესო ფორვარდისგან, საუკეთესო თამაშში. ჩელსიმ ის მეორე მატჩში უნდა შეაჩეროს, რადგან ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სხვაობას ქმნის“. - ამბობს ჯო კოული.

ლონდონში მოსაგებად წავალთ

„შესაძლებელი იყო უკეთესი შედეგიც დაგვეფიქსირებინა, ისევე როგორ უარესი. ლონდონში მოსაგებად წავალთ.

რა თქმა უნდა მეტი თამაში მსურს, თუმცა აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ თამაშის საშუალება მაქვს.

მეგობრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის კარგია, თუმცა ახლა რეალის ფეხბურთელი ვარ და გამარჯვება მსურს“. - თქვა ედენ აზრმა მატჩის შემდეგ.

საკამათო მომენტები - იყო, თუ არა პენალტი?

მთავარი აქცენტი „რეალის“ გოლის მომენტში კაზემიროს მოქმედებაზე გაკეთდა, რომელიც ახტომის დროს აზპილიკუეტას აშკარად დაეყრდნო და ორთაბრძოლა ისე მოიგო, თუმცა მომენტი გადამოწმდა და მსაჯმა გოლი ჩათვალა.

„მსაჯი მონიტორთან უნდა მისულიყო და მომენტი თავად ენახა. კაზემირო აზპილიკუეტას აშკარად ეყრდნობა და წესებს არღვევს. ასეთი გოლები არ უნდა ითვლებოდეს“. - ამბობს მადრიდული Marca-ს ექსპერტი ანდუხარ ოლივერი.

ყველაზე საინტერესო მომენტი კარვახალისა და ბენ ჩილველის ორთაბრძოლისას ვიხილეთ, როდესაც ესპანელმა ინგლისელს აშკარად ხელი ჰკრა და ეს საჯარიმოში მოხდა.

კადრში კარგად ჩანს, რომ ჩილველი ბურთს მკერდზე იღებდა, რა დროსაც კარვახალმა გაშლილი ხელი ჰკრა და წააქცია. მომენტი ვიდეო რეფერის არც განუხილავს, რაც ცოტა უცნაური იყო.

როგორც მინიმუმ მსგავსი მომენტები VAR-ზე უნდა გადამოწმდეს. დღემდე გაუგებარი რჩება, როდის და რა შემთხვევაში წყვეტს მსაჯი, რომ კონკრეტული მომენტი გადამოწმებას იმსახურებს, ან არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები