პსჟ VS სიტი - მატჩის წინ
Aa
Aa

პსჟ VS სიტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. სუპერ ლიგის სკანდალი ნელ-ნელა მიწყნარდა. მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს. Crystalsport ორივე გუნდზე ყველა საინტერესო წინასამატჩო დეტალს, მწვრთნელების პრესკონფერენციებს და გუნდების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ.

პსჟ

პარიზულ გრანდს შიდა ჩემპიონატში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია აქვს. ამ მომენტისთვის ლიგა 1-ს „ლილი“ ლიდერობს 73 ქულით. პოჩეტინოს გუნდს კი 72 ქულა აქვს. უკანასკნელ ტურში პარიზელები „მეცს“ ესტუმრნენ და 3:1 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა კილიან მბაპემ, ხოლო 1 გოლი მაურო იკარდიმ გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ პსჟ „ჩელსის“ კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი

პოჩეტინოს ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ხუან ბერნატი და რაფინია არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო კილიან მბაპეს თამაშიც, თუმცა ფრანგმა შემტევმა დაზიანება მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.

რა თქვა პოჩეტინომ?

ეს არ არის პერსონალური ბრძოლა ან მატჩი. ეს იქნება ბრძოლა 2 ძალიან კარგ გუნდს შორის. როდესაც გუარდიოლაზე საუბრობ, საუბრობ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე, თუ საუკეთესოზე არა.. მის კარიერას პატივს ვცემ. მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ორივე გუნდს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. „სიტი“ საოცარ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს კარგად ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ. ფეხბურთში ეს უმთავრესი რამ გახლავთ.

ფილ ფოდენს ინგლისიდან კარგად ვიცნობ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა გვაქვს, თუმცა მათ მარეზი, დე ბრუინი, აგუერო, ჟესუსი და სხვა უამრავი კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

წინ 180 წუთია. ეს დრო ფინალისტის ვინაობას გაარკვევს. იმედი მაქვს საუკეთესოდ ვითამაშებთ და ფინალში სწორედ ჩვენ გავალთ."

რა თქვა ნეიმარმა?

"მჭიდრო თამაში იქნება. „სიტი“ კარგი გუნდია. რთულ თამაშს ველოდები და ვეცდებით საუკეთესოდ შევასრულოთ ყველაფერი. ძალიან ბედნიერი ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა პსჟ ფინალში გავიდეს.

თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. გასულ წელს ფინალში დავმარცხდით და ახლა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. სეზონის დაწყების წინ ვთქვი, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იქნებოდა. ყველას ძალიან გვინდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება.

ჩვენ დავამარცხეთ „ბაიერნი“ და ყველა ძალას ვიხმართ, რომ „სიტიც“ დავამარცხოთ. ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად."

„მანჩესტერ სიტი“

„ქალაქელები“ პსჟ-სთან დაპირისპირებას იდეალურ ხასიათზე ხვდებიან. პეპ გუარდიოლას გუნდმა „კარაბაოს“ თასის ფინალში „ტოტენჰემს“ 1:0 აჯობა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. ხსენებული ტურნირის მოგება კი პეპმა ზედიზედ მეოთხედ მოახერხა. 2008 წლის შემდეგ კი ესპანელმა სპეციალისტმა 30-ე ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, მანჩესტერელები 33 ტურის შემდეგ 77 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან და თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 10 ქულით უსწრებენ.

დანაკლისი

„მანჩესტერ სიტის“ პარიზელებთან არავინ აკლიათ. ინგლისელები სრული შემაგენლობით მზადყოფნაში არიან.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან „სიტისთან“ ერთად პარიზში ვმოგზაურობ. აქ გამარჯვებისთვის ვართ. ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია. ისინი ბედნიერები არიან. ფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს.

თუ გამუდმებით ბურთს აკონტროლებ, ბალანსი ყოველთვის დაცულია. კონტრ-შეტევებს ვერ ავირიდებთ, ეს შეუძლებელია. მათ ჰყავთ ნეიმარი, მბაპე, იკარდი, მარკინიოსი და ვერატი, რომლებიც ამ კომპონენტში ძალზედ ძლიერები არიან. თავი იდეალურად უნდა დავიცვათ. ისინი ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, რომლებიც 90 წუთი თავს იცავენ მიჩვეულები არიან.

90 წუთი მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ, თუ როგორ დავამარცხოთ პსჟ. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და უამრავი რამ წყდება. მე უამრავი რამ იოჰან კრუიფისგან ვისწავლე. უნდა ისიამოვნოთ თამაშით უნდა ისიამოვნოთ შესაძლებლობებით."

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ოფიციალური მატჩების ისტორია 2008 წელს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო. „მანჩესტერ სიტიმ“ პსჟ-ს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

2016 წელს, ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გადაეყარნენ. პირველი მატჩი პარიზში გაიმართა და 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი იბრაჰიმოვიჩმა და რაბიომ გამოიჩინეს. „ქალაქელების“ მხრიდან კი გოლები დე ბრუინმა და ფერნანდინიომ გაიტანეს.

განმეორებით შეხვედრაში პელეგრინის გუნდმა პარიზელებს დე ბრუინის ერთადერთი გოლის წყალობით აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 28 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები