„თასის ფინალი რომ არა, ახლავე სახლში წავიდოდი
Aa
Aa

„თასის ფინალი რომ არა, ახლავე სახლში წავიდოდი" - ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია

კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და 0-2 დამარცხდა. ქართველი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი შეგირდები გააკრიტიკა.

„ბევრი არაფერია სათქმელი. იმედგაცრუებული ვარ, რადგან დღეს, მოედანზე ფაქტობრივად არ ვყოფილვართ, თუმცა ეს ოლიმპიაკოსის გამარჯვებას არ აკნინებს. თასის ფინალში გასვლამ ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ თავს არ ვგავდით.

ჩემი გუნდის მრცხვენია და ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი მე ვარ. თასის ფინალი რომ არ გვქონდეს გასამართი, ახლავე სახლში წავიდოდი. წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ვრჩები, რადგან თასის ფინალში გავედით.

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ასე გამოვიდოდით. დღეს 15 ფეხბურთელი ვათამაშე და ვერც ერთზე ვიტყვი, რომ მისი ასპარეზობა მისაღები იყო. როცა ანორთოსისის დონის კლუბი ხარ, ისე არ უნდა თამაშობდე, როგორც დღეს ჩვენ ვითამაშეთ. მარცხის გამო პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დიადი კლუბი ვართ და მოედანზე თავი ისე უნდა წარმოვაჩინოთ, როგორც დიად კლუბს შეეფერება და ეს ყველა ფეხბურთელს ეხება“.

ცნობისთვის, ქართველი სპეციალისტის გუნდს ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში მოხვედრის შანსები აღარ აქვს და მთლიანად სათასო დაპირისპირებაზეა გადართული, სადაც ფინალურ შეხვედრას სწორედ „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები