„კლუბს ფეხბურთელის თანხმობა აქვს
Aa
Aa

„კლუბს ფეხბურთელის თანხმობა აქვს" - La Gazzetta dello Sport ხვიჩას იუვეს უკავშირებს

გავლენიან იტალიურ გამოცემას, La Gazzetta dello Sport-ს საკუთარ ვებგვერდზე აქვს ლაივ რუბრიკა, რომლითაც გულშემატკივრებს „იუვენტუსის“ შესახებ უახლეს ინფორმაციას აწვდის. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ 26 აპრილის მთავარი ამბავი „რუბინის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

„იუვენტუსი ყაზანის რუბინის გარემარბისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში დაწინაურდა. კლუბმა ფეხბურთელისგან თანხმობა უკვე მიიღო და ამით კონკურენტი მილანი ჩამოიშორა. მხარეებს შორის ძირითად პრინციპებზე შეთანხმებაც იქნება, ოღონდ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხს უკავშირდება. თუ ეს გამოვა, ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც იუვეში იასპარეზებს. ბიანკონერი ტალანტებზე ნადირობს და კვარაცხელია კლუბთან ძალიან ახლოსაა“, - წერია La Gazzetta dello Sport-ის ვებგვერდზე.

დღეს დილით, Juventusnews24-მა დაწერა, რომ „ბებერ ქალბატონს“ ხვიჩასთვის ბრძოლაში აშკარა უპირატესობა აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის პუნქტიც აღნიშნა, თუმცა ფეხბურთელის თანხმობაზე არაფერი უთქვამს. ამავე გამოცემის მიხედვით, „ბიანკონერი“ „კვარას“ სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ახლახან, ხვიჩას მომავალზე კახა კალაძემ ილაპარაკა. „მილანის“ ექს-ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კვარაცხელიას თაობაზე „როსონერის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო დაუკავშირდნენ. „რუბინის“ თავკაცი, ლეონიდ სლუცკი კი 100 პროცენტით დარწმუნებულია, რომ 20 წლის ქართველი ტალანტი კარიერას ევროპის წამყვან კლუბში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები