კალაძე: ''მალდინი და გატუზო ხვიჩას თაობაზე დამიკავშირდნენ''
Aa
Aa

კალაძე: ''მალდინი და გატუზო ხვიჩას თაობაზე დამიკავშირდნენ''

''მილანის'' ექს-ფეხბურთელის, კახა კალაძის თქმით ''მილანის'' ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი და ''ნაპოლის'' მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე დაუკავშირდნენ. ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა ამ თემაზე 1TV-სთან ისაუბრა.

კახა კალაძე: ''ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან. ''ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ.

მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს''.

შეგახსენებთ, Tuttomercatoweb-ის ცნობით ''მილანის'', ''იუვენტუსისა'' და ''ნაპოლის'' გარდა 20 წლის ქართველი ტალანტით მილანის ''ინტერი'' დაინტერესდა. ''რუბინის'' შემტევის შეძენა ბერგამოს ''ატალანტასაც'' სურს. ამავე წყაროს ცნობით კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს. Express.de-ს ცნობით კვარაცხელიათი მიუნხენის ''ბაიერნიც'' დაინტერესდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები