''ხვიჩას ტრავმა ასეთმა მსაჯობამ განაპირობა'' - სლუცკი არბიტრს აკრიტიკებს
Aa
Aa

''ხვიჩას ტრავმა ასეთმა მსაჯობამ განაპირობა'' - სლუცკი არბიტრს აკრიტიკებს

ყაზანის ''რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 20 წლის ქართველმა ტალანტმა ''ურალთან'' შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით სამი კვირის გამოტოვება მოუწევს.

გამოცდილი რუსი სპეციალისტი კვარაცხელიას ტრავმის მიღებაში მსაჯის ბრალეულობას ხედავს, რომელმაც ხვიჩას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა სამჯერ არ დააფიქსირა.

''ყველა ჩემპიონატში ქომაგები მატჩებზე ვარსკვლავების სანახავად დადიან. ფეხბურთი ქომაგებისთვის არსებობს. გულშემატკივრები სტადიონზე კვარაცხელიას სანახავად დადიან, ეს ნათელია. ''ურალთან'' მატჩს 10 000-ზე მეტი ქომაგი დაესწრო. დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა კვარაცხელიას თამაშის სანახავად მოვიდა. შეხვედრის საწყის 15 წუთში მის წინააღმდეგ თამაშის წესი სამჯერ დაირღვა, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, ტრავმის მიღებამდე კი მას ქუსლში ჩაარტყეს.

ვფიქრობ, ხვიჩას ტრავმა მსაჯის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, რომელმაც თამაშის წესის დარღვევა სამჯერ არ დააფიქსირა''.

შეგახსენებთ, ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა: ''ხვიჩას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს და გამოსაჯანმრთელებლად 2-3 კვირა დასჭირდება. ითამაშებს, თუ არა ამ სეზონში? ჩემპიონატი სამ კვირაში სრულდება და საუკეთესო შემთხვევაში მას მოედანზე ბოლო ტურში ვიხილავთ. შესაძლოა ბოლო ორი ტურიც ითამაშოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები