სანქციები რეალსა და იუვეს - უეფა მათ დასჯას აპირებს
Aa
Aa

სანქციები რეალსა და იუვეს - უეფა მათ დასჯას აპირებს

ესპანური და იტალიური გამოცემები წერენ, რომ შესაძლოა, „რეალსა“ და „იუვენტუსს“ სუპერ ლიგაში მონაწილეობის გამო სანქციები დაეკისროთ. როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბს“ ხსენებული ტურნირის დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, „ბიანკონერიმ“ კი აღნიშნა, რომ ამ პროექტის სპორტული და კომერციული სიძლიერის სჯერა, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე მისი განხორციელების შანსი მცირეა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „რეალი“ და „იუვენტუსი“ ანდრეა ანიელისა და ფლორენტინო პერესის გამო სუპერ ლიგის „ლიდერებად“ მოიხსენებიან და მათთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი სწორედ ამიტომ მიდის. იტალიური გამოცემის მიხედვით, „ბლანკოსისა“ და „ბიანკონერის“ დასჯას სხვა კლუბები ითხოვენ და გამოდიან ინიციატივით, რომ მათ 1 წლით ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა აეკრძალოთ.

ამ ინფორმაციას AS-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ „რეალი“ და „იუვენტუსი“ შესაძლოა, მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე არ დაუშვან. ესპანური გაზეთის თანახმად, უეფაში პოზიციები გაყოფილია და ნაწილი მიიჩნევს, რომ ზემოთ ხსენებული კლუბები მაქსიმალური სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, დანარჩენები კი თვლიან, რომ უეფა ამ საკითხს დელიკატურად უნდა მიუდგეს.

საინტერესოა ისიც, რომ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ფეარ პლეის წესის გაუმჯობესებასა და სახელფასო ჭერის შემოღებაზე მსჯელობს. ამასთან, უეფა მუშაობს პუნქტებზე, რომელთა დახმარებითაც, მომავალში სუპერ ლიგის მსგავსი პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები