Aa
Aa

"დიდი მოტივაცია გვაქვს" - ზიდანი კადისთან მატჩამდე

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალი“ „კადისს“ ესტუმრება. „სამეფო კლუბის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

რა თქვა ზიდანმა?

„ჩვენი მიზანი იგივეა. სეზონის დასრულებამდე ბევრი არ დარჩა და „კადისთან“ შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ ადვილი მატჩი არ იქნება, რადგან ეს გუნდი თავს კარგად იცავს, თან სახლში თამაშობს.

ბოლო 8 თვის განმავლობაში უამრავ დაბრკოლებას გადავაწყდით. იყო უდიდესი კონკურენცია. მთავარია ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ორი ტიტულისთვის ვიბრძვით. 1 თვე დარჩა და ვაპირებთ ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.

არ ვიცი მოვიგებთ თუ წავაგებთ, მაგრამ მთავარი არის გუნდის შემართება. ბევრს ვმუშაობთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დიდი მოტივაცია გვაქვს.

სუპერ ლიგაზე ნუ მეკითხებით, რადგან ამის შესახებ პრეზიდენტმა ყველაფერი თქვა. შეგიძლიათ კითხვით ფლორენტინოს მიმართოთ. მე აქ „კადისთან“ მატჩზე სასაუბროდ მოვედი. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ მე აქ ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ.

კარგი ამბავი ის არის, რომ ვარანი და კარვახალი სრულიად გამოჯანმრთელდნენ. ორივე განაცხადში იქნება. აზარი და კროოსი არ იქნებიან. ბელგიელი შემტევი 100 %-ით ჯერ კიდევ არ არის მზად. ედენს განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ, რადგან მისი სიტუაცია საკმაოდ რთულია.

თუ მბაპეზე პრეზიდენტმა რამე თქვა ეს კარგია. ახლა ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ. მოტივაციას ის გვაძლევს, რომ მოცემულ ეტაპზე მოედანზე და მის გარეთ ყველაფერს ვაკონტროლებთ“

სატურნირო მდგომარეობა

ლა ლიგაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. პირველ ადგილს „ატლეტიკო“ 70 ქულით იკავებს. მეორე პოზიციაზე „რეალი“ მოგვევლინა 67 ქულით, ხოლო მესამეზე „ბარსელონაა“ 65 ქულით, თუმცა რონალდ კუმანის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, „კადისისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 21 აპრილს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

განაცხადი

ფრანგმა სპეციალისტმა „კადისთან“ მატჩისთვის 20-კაციანი განაცხადი დაასახელა.

მეკარეები - კურტუა, ლუნინი, ალტუბე

მცველები - კარვახალი, ვარანი, მილიტაო, ნაჩო, მარსელო, ოდრიოსოლა, ჩუსტი, მიგელი

ნახევარმცველები - კაზემირო, ისკო, არიბასი, ბლანკო

თავდამსხმელები - ბენზემა, მარიანო, ვინისიუსი, როდრიგო, მარიანო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები