ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში 5 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდა
Aa
Aa

ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში 5 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდა

ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში 5 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაბრუნდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

ლისაბონში დასრულებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩემპიონატი ვაჟთა შორის პირველი გუნდური ადგილით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) მოუტანა. მეორე საშეჯიბრო დღე ჩვენი გუნდისთვის მედლის გარეშე დასრულდა, ევროპირველობის დასკვნით დღეს კი ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო.

-90 კილოში გამართულ ქართულ ფინალში ლაშა ბექაურმა იპონით დაამარცხა ბექა ღვინიაშვილი და ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა.

100 კილოში, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში დამარცხდა ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან და ვერცხლის მედალს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ლიპარტელიანი გახდებოდა მეორე ქართველი ძიუდოისტი ანზორ კიკნაძის შემდეგ, ვინც ევროპირველობის ტიტულს მეოთხედ დაეუფლებოდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მარცხის მიუხედავად, ერთი რეკორდის მფლობელი მაინც გახდა. დღეიდან, ის გახლავთ ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე, პირად პირველობაში, სხვადასხვა სინჯის 10 მედლის მოპოვება მოახერხა.

+100 კილოში მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ნიდერლანდელ როი მეიერს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დამაჯერებლად მოუგო და საქართველოს ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონობა მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები