Aa
Aa

მეორე სტარტი, გამეორებული რეკორდი და ტრავმა - ბითაძის ინდიანამ ზედიზედ მესამედ წააგო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და „სან ანტონიოსთან“ დომანტას საბონისის, მაილს ტერნერის, ჯერემი ლემბისა და ტი ჯეი უორენის გარეშე ითამაშა.

ლიდერების არყოფნა გუნდს დაეტყო და „ინდიანა“ 94-109 დამარცხდა, გოგამ კი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ბითაძე სასტარტო ხუთეულში მიმდინარე სეზონში მეორედ გამოჩნდა და პარკეტზე 22 წუთი და 47 წამი გაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, რასაც 5 დაფარება დაუმატა და ამ მხრივ კარიერის რეკორდი გაიმეორა, რომელიც 12 აპრილს, „მემფისთან“ გამართულ შეხვედრაში მიითვალა.

სამწუხაროდ, გოგამ მცირე ტრავმა მიიღო, კოჭი გადაიბრუნა და მეოთხე მეოთხედის დაწყებიდან 2 წუთის შემდეგ პარკეტის დატოვება მოუწია. დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა. მატჩის შემდეგ, ბითაძის ტრავმის შესახებ ნეით ბიორკგრენმა ისაუბრა და განაცხადა: „სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გოგას მეტი სათამაშო დრო მივეცით, მაგრამ მან კოჭი გადაიბრუნა და თქვენც ხედავდით, რომ პარკეტზე გადაადგილება უჭირდა, რის გამოც მისი შეცვლა მომიწია“.

Indy Star-ის ჟურნალისტის, ჯეი მაიკლის ინფორმაციით, გოგასთვის გადამწყვეტი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგები იქნება, რომელსაც სავარაუდოდ, დღეს ჩაუტარებენ. NBC Sports კი იტყობინება, რომ ბითაძის ტრავმა სერიოზული არაა და იგი გუნდს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 26 მოგება და 31 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსს“ მომდევნო შეხვედრა 22 აპრილს ელის და „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდება. ცნობისთვის, „ინდიანას“ უახლოეს პერიოდში ფონს გასვლა მაილს ტერნერის გარეშე მოუწევს, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გაურკვეველი ვადით გამოაკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები