Aa
Aa

„არა, სუპერ ლიგას“ - კლოპის კომენტარი სუპერ ლიგაზე

„სუპერ ლიგის“ შექმნის იდეას მილიონობით მოწინააღმდეგე ჰყავს. საფეხბურთო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ფეხბურთის მსგავსი სახით მონოპოლიზაცია სპორტული პრინციპების აბსოლუტური უგულებელყოფა და არაჯანსაღი ნაბიჯია.

ახალი ტურნირით ბედნიერი არც იურგენ კლოპია, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან პოზიცია გულწრფელი ფორმით დააფიქსირა.

„ამ ტურნირის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა - „არა, სუპერ ლიგას“! 53 წლის ვარ და როცა ფეხბურთში დავსაქმდი, ეგრევე ჩემს მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იქცა. მომწონს ის, რომ ფეხბურთში კონკურენტუნარიანი გარემოა. მომწონს, რომ „ვესტ ჰემს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეუძლია.

„სუპერ ლიგის“ შესახებ ვიცი რაღაცები, რომლებიც არ მომწონს, რადგან „ლივერპული“ იმაზე მეტია, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები. ფეხბურთში მთავარი გულშემატკივარი და გუნდებია და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ მათ შორის არავინ ჩადგება. ამ რთულ დროს ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ამ ტურნირის კონცეფცია არ მოსწონს და მე მათი მესმის“.

კლოპის პოზიციას ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ნაწილი იზიარებს. გერმანელის კომენტარიდან და სხვადასხვა ფაქტებიდან ნათლად ჩანს, რომ „სუპერ ლიგის“ დაარსება დიდწილად მხოლოდ კლუბების პირველ პირთა პირადი გადაწყვეტილებაა და მათ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებთან საქმეზე კონსენსუსი არ აქვთ.

როგორც ვიცით, „ლივერპული“ „სუპერ ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამ დროს კი მისი მთავარი მწვრთნელი ტურნირს ღიად ეწინააღმდეგება. ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ კლოპის მაგალითი ერთადერთი სულაც არ არის.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, არაერთმა კლუბმა, ფეხბურთელმა, მწვრთნელმა თუ გულშემატკივარმა „სუპერ ლიგის“ შექმნა გააპროტესტა და ეს სხვადასხვა ფორმით გააკეთეს.

მაგალითად, ოფიციალური განცხადებით ტურნირში მონაწილეობა იუარა მიუნხენის „ბაიერნმა“, იგივე გააკეთეს ფრანგულმა პსჟ-მ და ესპანურმა „სევილიამაც“. ასევე, სხვა შედარებით პატარა კლუბები ლიგის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. უეფა-სა და ფიფა-ს მკაცრი პოზიციის შესახებაც ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროტურნირების წლევანდელი სეზონი ჩაშლის პირადაა, რადგან „არსენალს“, „სიტის“, „იუნაიტედს“, „ჩელსისა“ და „რეალს“, შესაბამისად, ევროპა ლიგიდან და ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები