Aa Aa
19 აპრილი 2021  |  12:21

ბორის ჯონსონი სუპერ ლიგაზე: "ფეხბურთისთვის ძალიან საზიანო იქნება"

„ევროპის სუპერ ლიგის“ შექმნის შემდეგ ფეხბურთი ქაოსმა მოიცვა. საფეხბურთო ჩინოვნიკების, მწვრთნელებისა და პრესის წარმომადგენლების შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებებს უკვე პოლიტიკოსებიც აკეთებენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახალი ტურნირის შესახებ თავისი პოზიცია დააფიქსირა და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რასაც „ევროპის სუპერ ლიგა“ მოიტანს.

როგორც მოგეხსენებათ, ახალ ტურნირში მონაწილეობას 6 ინგლისური კლუბიც მიიღებს - „იუნაიტედი“, „სიტი“, „ლივერპული“, „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.

რა თქვა ჯონსონმა

ბორის ჯონსონმა გრანდების ნაბიჯი დაგმო და თვითერზე განცხადება გაავრცელა:

„ევროპული სუპერ ლიგის გეგმები ფეხბურთისთვის ძალიან საზიანო იქნება და ჩვენ საფეხბურთო ხელისუფლებას მხარს ვუჭერთ, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები.

ისინი გეგმავენ, რომ ფეხბურთს დარტყმა პირდაპირ გულის არეში მიაყენონ. მათი გადაწყვეტილება ყველა ქვეყანაში გულშემატკივრების აღელვებას გამოიწვევს.

ამ ტურნირის მონაწილე კლუბებმა ნაბიჯის გადადგმამდე, ჯერ საკუთარ გულშემატკივრებსა და ფართო საფეხბურთო საზოგადოებას პასუხი უნდა გასცენ“.

თავისი პოზიცია ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ელისონ მაკგოვანმაც დააფიქსირა:

„ეს მოხსენებები ძალიან შემაშფოთებელია. თუ სიმართლეა, ეს ყველაფერი ფეხბურთსა და მის გულშემატკივრებს დიდ ზიანს აყენებს. კლუბები მას სასწრაფოდ უნდა გაემიჯნონ“.

მეტი ამ თემაზე

„უეფას სუპერ ლიგის“ შექმნის შემდეგ, ტურნირის მიმართ უამრავი კრიტიკული აზრი გამოითქვა. სერ ალექს ფერგიუსონმა და გარი ნევილმა თავიანთი პოზიცია ერთ-ერთმა პირველებმა დააფიქსირეს და ლიგა გააკრიტიკეს.

ასევე გავრცელდა უეფასა და ფიფას პრეზიდენტთან განცხადებები, რომლებიც მუქარის შემცველი შინაარსის არის. ფეხბურთის მმართველი ორგანო უკან დახევას არ აპირებს.

ევროპის სუპერ ლიგის ფორმატი ცნობილია

გუშინ ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდი, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

„კლუბები ასპარეზობას აგვისტოდან დაიწყებენ და ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდებიან. ჯგუფების პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები 1/4 ფინალში ავტომატურად მოხვდებიან, მეოთხე-მეხუთე ადგილოსნები კი ორრაუნდიანი პლეი-ოფის გზით, კიდევ ორ მეოთხედფინალისტს გამოავლენენ. ასევე ორრაუნდიანი იქნება 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური ეტაპები, ხოლო ფინალი ერთმატჩიანია და ყოველი წლის მაისის ბოლოს, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში