''ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს'' - ფრუიძე სამგურალში დაბრუნდა
Aa
Aa

''ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს'' - ფრუიძე სამგურალში დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს ''სამგურალის'' მთავარი მწვრთნელი გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე გახდა. ინფორმაცია იმერული კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. ფრუიძემ უჩა სოსიაშვილი შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ სოსო ფრუიძე 1991-92 და 1995 წლებში ''სამგურალის'' მთავარი მწვრთნელი იყო. 63 წლის მწვრთნელი იმერულ კლუბში 26-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან კლუბის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა: ''მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც მთავარი მწვრთნელის რანგში უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ''სამგურალის" ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი.

კლუბის ხელმძღვანელებმა ორი დღის წინ შემომთავაზეს თანამშრომლობა. მათ შევხვდი, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ შემოთავაზებას დავთანხმებოდი. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ, უჩა სოსიაშვილმა კარგი სამუშაო გასწია. ვეცდები, ''სამგურალმა" მაქსიმალურად მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს".

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის საწყისი 8 ტურის შემდეგ ''სამგურალი'' 6 ქულით მე-7 ადგილზეა. მე-9 ტურში ''სამგურალი'' ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლებს. მატჩი 17 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, სოსო ფრუიძე ასევე წვრთნიდა ზესტაფონის ''მარგვეთს'', ქუთაისის ''ტორპედოს'', ''სამტრედიას'', ''ბორჯომსა'' და თბილისის ''ლოკომოტივს''.

მან ყველაზე წარმატებული წლები ''ჩიხურას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა (2008-20). ამ პერიოდში იმერულმა გუნდმა საქართველოს თასი (2017) და სუპერთასი (2013) მოიგო. ასევე, ევროპა ლიგაზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები