ბარსა უმტიტის ყიდის და ახალ ცაცია მცველს ეძებს
Aa
Aa

ბარსა უმტიტის ყიდის და ახალ ცაცია მცველს ეძებს

„ბარსელონა“ ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია. კლუბი სამუელ უმტიტის გაყიდვას გეგმავს, რომელსაც საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს და თან გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბლაუგრანა“ შედარებით დაბალანაზღაურებად და ცაცია მცველს ეძებს. კატალონიელებს უკვე სიაც შედგენილი აქვთ: ალესიო რომანიოლი (მილანი), ლისანდრო მარტინესი (აიაქსი), მარკოს სენესი (ფეიენოორდი).

26 წლის რომანიოლის „როსონერისთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე ამ ზაფხულს იტალიელის შეძენა საკმაოდ მისაღებ ფასად იქნება შესაძლებელი. „ბარსა“ მას უკვე მეორე წელია აკვირდება.

რაც შეეხება 23 წლის მარტინესს, ის ამსტერდამელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა და პლუს ამას, „აიაქსს“ „ბარსელონასთან“ კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერს შესაძლებელს ხდის. ტრანსფერმარკეტის მიხედვით მისი ღირებულება 22 მილიონი ევროა.

მარკო სენესი მარტინესის მსგავსად 23 წლის არის და მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ტრანსფერმარკეტი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

„ბარსელონაში“ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ამჟამად უმტიტის გარდა პიკე, არაუხო, ლენგლე და მინგესა ირიცხებიან. ზემოხსენებული მცველების მიმართ არსებული ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლოა კატალონოელებმა „მანჩესტერ სიტიდან“ ერიკ გარსია აღარ გაიფორმონ და აქცენტი ცაცია სამეულიდან რომელიმეზე შეაჩერონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები