ლივერპული VS რეალი - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ლივერპული VS რეალი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები დასრულდა. „ლივერპულმა“ „რეალს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. კლოპის გუნდს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2-ბურთიანი უპირატესობა სჭირდებოდა. მერსისაიდელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა რეალიზება ვერ მოახდინეს.

საინტერესო ფაქტები

1978 წლის შემდეგ, ჯეიმს მილნერი „ლივერპულის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშა. მილნერი ამ მომენტისთვის 35 წლის და 100 დღის არის. შორეულ მე-20 საუკუნეში კი კალანგემმა ლიგაზე 35 წლის და 353 დღის ასაკში ითამაშა.

მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემამ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ტურნირზე ერთად ყველაზე მეტჯერ მოარტყა ბურთი ძელს(12).

რა თქვა ზიდანმა მატჩის შემდეგ?

„ვიცოდით, რომ დღევანდელი დაპირისპირება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ვფიქრობ, შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, შტორმს გავუძელით და შეგვიძლია ჩვენი გამოსვლით ვიამაყოთ.

ვიცოდით, რომ „ლივერპული“ სწრაფ ტემპში დაიწყებდა და კლოპის ბიჭები პირველ 15 წუთში მართლაც ძალიან კარგები იყვნენ, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბრძოლის გარეშე ვერ გახვალ. ჩვენ ეს ბრძოლა გამოვიარეთ.“

რა თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ?

„მატჩის დასაწყისში ძალიან კარგად ვთამაშობდით. დროის გასვლასთან ერთად ჩვენთვის ყველაფერი რთულდებოდა. მეორე ტაიმში „რეალმა“ თამაშზე მცირე კონტროლი აიღო.

ახლა ჩვენი მიზანი ის გახლავთ, რომ შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ვიყოთ. ჩვენ „ლივერპული“ ვართ და ეს გათამაშება ძალიან გვიყვარს.

მადრიდში გაშვებული მესამე გოლი დიდი იმედგაცრუება იყო. ვფიქრობ, პირველ 15 წუთში, რომ გაგვეტანა მატჩის სცენარი სხვანაირად განვითარდებოდა."

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ნახევარფინალში ტომას ტუხელის ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები