ზლატანი შესაძლოა ფეხბურთიდან 3 წლით მოკვეთონ
Aa
Aa

ზლატანი შესაძლოა ფეხბურთიდან 3 წლით მოკვეთონ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორონ. ამის მიზეზი ფიფასა და უეფას წესების დარღვევა გახლავთ.

საქმე იმაშია, რომ 39 წლის შვედი ფორვარდი 2018 წლიდან დღემდე, ბუკმეიკერული კომპანია Bethard-ის 10%-იან წილს ფლობს. იბრა ამ ყველაფერს Unknown AB-ის მეშვეობით ფლობს, რომელიც მთლიანად მის საკუთრებაშია.

ფიფასა და უეფას რეგლამენტის თანახმად, ფეხბურთელს მათი ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუ ისინი ბუკმეიკერულ კომპანიებში წილს ფლობენ და პირადი ინტერესები გააჩნიათ.

ზლატანმა ეს წესი მაშინ დაარღვია, როდესაც „მილანის“ რიგებში ევროპა ლიგაზე და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრების რიგებშიც ითამაშა.

Bethard-მა დაადასტურა, რომ იბრაჰიმოვიჩი მათი წილის მფლობელი კვლავ არის.

ამ წესების დარღვევისთვის ფეხბურთელი შესაძლოა 100 ათასი ევროთი დაჯარიმდეს და ფეხბურთიდან 3 წლით მოიკვეთოს, რაც ავტომატურად იბრას კარიერის დასრულებას ნიშნავს.

Bethard-მა შვედეთი-საქართველოსა და კოსოვო-შვედეთის მატჩებზე, რომელშიც იბრამ მონაწილეობა მიიღო ფსონები განათავსა. ხსენებულ ტოტალიზატორს ფსონების განთავსება ასევე სერია ა-ს მატჩებზეც შეუძლია.

ჯერჯერობით ფიფამ და უეფამ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები