Aa
Aa

"წლები ერთად ვმუშაობდით, თუმცა..." - ლაინსმენი მარიო დიკსი სამსაჯო ბრიგადიდან გაუშვეს

ნიდერლანდელმა მსაჯმა დენი მაკელიემ საკუთარი ბრიგადიდან დაითხოვა ის ლაინსმენი, რომელმაც სერბეთთან მატჩისას კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წუთებზე გოლი არ ჩაუთვალა. მაკელიმ ამ გადაწყვეტილების შესახებ თავად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მარიო დიკსს იან დე ვრიესი ჩაანაცვლებს.

„მირჩევნია, ამ თემის შესახებ მაქსიმალურად ცოტა ვისაუბრო, რადგან ეს გუნდური საკითხია. მინდა, გესმოდეთ, რომ მარიოსთან ერთად წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ეს რთული, მაგრამ გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი გახლდათ. მარიო დიკსს გუნდში იან დე ვრიესი შეცვლის“.

თემაზე კომენტარი გააკეთა თავად დიკსმაც, რომელმაც დანანებით აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ასეთი ამბავი, დიდი იმედგაცრუებაა.

„ევროპის ჩემპიონატამდე არც ისე ბევრი დრო რჩება და ეს ჩემთვის დიდი, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. 31 მარტს, მაკელიემ მითხრა, რომ მუშაობის გაგრძელება სხვა ასისტენტთან ერთად სურდა, რადგან ჩვენს შორის ნდობა დაიკარგა. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ ამდენწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ფონზე, ასეთ მომენტში მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივიღებდი“.

მარიო დიკსი მაკელიეს სამსაჯო ბრიგადაში წლების განმავლობაში მუშაობდა და გასულ წელს ევროპა ლიგის ფინალზე, წელს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალს გაუძღვა. თუმცა, როგორც ჩანს, მაკელიე მისი მუშაობის ბოლო დროს უკმაყოფილო იყო, რაზეც იანვარში მომხდარი იერარქიული ცვლილება მიუთითებს. დიკსს, რომელიც წლების განმავლობაში მაკელიეს პირველი ასისტენტი გახლდათ, მაკელიემ მეორე ასისტენტის სტატუსი მიანიჭა და მას ჰესელ სტეეგსტრა ამჯობინა. სტეეგესტრა გუნდშია და კვლავ პირველი ასისტენტის ფუნქციებს შეასრულებს, ბრიგადაში ახლადმიღებული დე ვრიესი კი მეორე ასისტენტი იქნება. მაგალითად, გასულ უქმეებზე გამართულ „უტრეხტისა“ და „ფეიენოორდის“ შეხვედრა მაკელიეს ბრიგადამ სწორედ ასეთი იერარქიით იმსაჯა.

როგორც აღმოჩნდა, 43 წლის დიკსისთვის საბედისწერო რონალდუსთვის არჩათვლილი აშკარა გოლი გამოდგა. იმ მომენტის გამო მაკელიემ პორტუგალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს ბოდიში პირადად მოუხადა. ეს მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელთა გასახდელში მოხდა.

„ფიფა-ს წესების თანახმად, ერთადერთი ის შემეძლო, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის, ფერნანდუ სანტუშისა და მისი ფეხბურთელებისთვის, მომხდარის გამო, ბოდიში მომეხადა, რაც გავაკეთე კიდეც.

ჩვენი სამსაჯო გუნდი ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. როცა ასეთი რამ ხდება, ბუნებრივია, ბედნიერები არც ჩვენ ვართ“, - განაცხადა სერბეთი-პორტუგალიის მატჩიდან რამდენიმე დღეში მაკელიემ, რომელიც ფიფა-ს კატეგორიის მსაჯი 2011 წლიდანაა, 2012 წლიდან კი უეფა-ში უმაღლესი სტატუსი - ელიტარული რეფერის წოდება აქვს. მაკელიე 38 წლისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები