Aa
Aa

ლონგორიასთან და აპტონთან ერთად - იოზილი მექსიკურ კლუბს ყიდულობს

მესუთ იოზილი ჯერ კიდევ აქტიურ ფეხბურთშია, მაგრამ კარიერისშემდგომი საქმიანობისთვის აქედანვე ფიქრობს. Bild-ის ინფორმაციით, იგი რამდენიმე ინვესტორთან ერთად, მექსიკური კლუბის - „ნეკაქსას“ შეძენაზე მუშაობს.

„ნეკაქსა“ 1923 წელს დაარსებული საფეხბურთო კლუბია, რომელსაც სხვა ტიტულებთან ერთად, მექსიკის ჩემპიონატი 3-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს - 1998 წელს. თუმცა, გუნდს ამჟამად კარგი პერიოდი სულაც არ უდგას და ადგილობრივი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილზეა.

იოზილი ერთ-ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრია, რომელშიც სხვა ადამიანებთან ერთად, პოპულარული მსახიობი - ევა ლონგორია და ცნობილი მოდელი - კეიტ აპტონი არიან. მექსიკური გამოცემა Sportico-ს ცნობით, გარიგების გაოფიციალურებამდე ძალიან ცოტა რჩება და თუ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა, იოზილი და მისი პარტნიორები „ნეკაქსას“ აქციების 50%-იანი წილის მფლობელები გახდებიან.

თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც. მთავარი საკითხის მოკლე პერიფრაზი ასეთია:

„ჩვენ ვგეგმავთ, ვითანამშრომლოთ საინვესტიციო ჯგუფთან, რომელსაც საფეხბურთო კლუბების მენეჯმენტში დიდი გამოცდილება აქვს და საერთაშორისო დონეზე მუშაობს. ვფიქრობთ, მათთან კოლაბორაცია ჩვენს კლუბს ახალ სიმაღლეზე აიყვანს“.

ბრიტანული Daily Mail-ი იმავე Sportico-ზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება უკვე მიღწეულია და ისინი მხოლოდ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის დასტურს ელოდებიან.

„ნეკაქსას“ საუკეთესო დროება 90-იან წლებში ედგა, როცა ქვეყნის 3-ჯერ ჩემპიონობასთან ერთად, კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირ CONCACAF Champions League-ს გამარჯვებულიც გახდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ იოზილი ამჟამად „ფენერბაჰჩეს“ რიგებში თამაშობს, თუმცა ამჟამად ტრავმირებულია. მისი გუნდი თურქეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ლიდერ "ბეშიქთაშს" 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები