Aa
Aa

"ბაიერნი ლიგაზე ბოლოჯერ ათამაშა" - მათეუსის თქმით, ფლიკი მიდის და ბაიერნი შემცვლელს ეძებს

პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა შეხვედრა შეაფასა, რა დროსაც ერთი მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა. საქმე მიუნხენელთა თავკაცს, ჰანსი ფლიკს ეხება.

პსჟ-სთან დღევანდელი შეხვედრა, ფლიკისთვის „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო იყო. იგი გერმანიის ნაკრების ჩაბარების პირველი კანდიდატია და ზაფხულში ფედერაციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება“, - აღნიშნა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Sky Germany-ს პირდაპირ ეთერში.

მათეუსმა ისიც დაამატა, რომ ამის შესახებ „ბაიერნშიც“ უკვე იციან და ფლიკის შემცვლელის ძებნაც დაიწყეს. ბავარიული გრანდი პირველ კანდიდატად იულიან ნაგელსმანს განიხილავს და მასთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. გერმანული გამოცემები წერენ, რომ „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლები და ახალგაზრდა სპეციალისტი ამჟამად ფინანსურ დეტალებს განიხილავენ.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციისას, თემაზე კითხვა იმავე Sky Germany-მ თავად ფლიკსაც დაუსვა: „ბაიერნთან“ კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში ან ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის თუ არა. ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს გვერდითაა და ასეც იქნება, იმ შემთხვევაშიც, ჩავიბარებ თუ არა გერმანიის ნაკრებს“.

ლოთარ მათეუსმა რამდენიმე დღის წინ ისიც განაცხადა, რომ ფლიკსა და „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის ურთიერთობა აირია.

„თუკი ფლიკი გუნდში დარჩება, მაშინ კომფორტულად უნდა იყოს, თუმცა ამ ეტაპზე ასე ნამდვილად არაა და ყველამ კარგად ვიცით, რატომ და ვის გამო ხდება ეს. მეორე მხრივ, ჩემს მეგობარ ფლიკს ერთი რამ უნდა ვუსაყვედურო. როცა ინტერვიუს დროს მნიშვნელოვან შეკითხვას გისვამენ და მას უპასუხოდ ტოვებ, ეს კარგ სურათს არ იძლევა და კონკრეტულ ვითარებასა თუ თემაში შენს სისუსტეს გამოხატავს. ჩემი აზრით, ახლა ის ისეთი მდგომარეობაში არაა, რომ ასეთი რამის გაკეთება სჭირდებოდეს“.

მათეუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „უნიონთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ ფლიკმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის მომავალს შეეხებოდა, უპასუხა: „შემდეგი შეკითხვა“.

ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრებში 2006-2014 წლებში მუშაობდა, როცა სწორედ ლიოვის ასისტენტი გახლდათ. 2019 წლის 3 ნოემბერს, იგი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს პირველსავე სეზონში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. მას ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი, მათეუსის გარდა, არც ერთ გავლენიან პირს არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები