ხვიჩას რეკორდი - ყველაზე გაძვირებული და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე
Aa
Aa

ხვიჩას რეკორდი - ყველაზე გაძვირებული და ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე

Transfermarkt-მა რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა. „რუბინის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე გაძვირებული მოთამაშის სტატუსი დაისაკუთრა და მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 5 მილიონი ევროთი მოიმატა.

მარტის სანაკრებო პაუზამდე Transfermarkt-ზე ხვიჩას ფასი 10 მილიონი ევრო გახლდათ, დღეიდან კი 20 წლის ქართველი 15 მილიონი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა Transfermarkt-ის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა. აქამდე „კვარა“ პირველ ადგილს სოლომონ კვერკველიასთან ერთად იკავებდა, რომელსაც 2019 წელს გერმანული სააგენტო 10 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი 15 მილიონით ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

შეგახსენებთ, რომ „რუბინის“ ვარსკვლავის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს. ბოლო პერიოდში „იუვენტუსის“, „ბაიერნის“, „მილანისა“ და „ატალანტას“ შესახებ იწერება და Tuttomercatoweb-ის ცნობით, კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები