„დარწმუნებული ვარ, გრეპლინგსა და ჭიდაობას გამოიყენებს
Aa
Aa

„დარწმუნებული ვარ, გრეპლინგსა და ჭიდაობას გამოიყენებს" - ჭიკაძემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ MmaJunkie-ის ინტერვიუ მისცა და მომდევნო მეტოქის, კაბ სუონსონისა და მასთან გასამართი ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

„აღფრთოვანებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე სუონსონი იქნებოდა და მთელი ღამე ვერ დავიძინე. მას თვალს დიდი ხანია ვადევნებ, კერძოდ იმ დღიდან, როცა UFC-ის ზოგიერთი მებრძოლის აღიარება დავიწყე, განსაკუთრებით ჩემს წონით დივიზიონში და ეს ბიჭი დიდი ხანია UFC-ში იმყოფება. ის ყოველთვის დივიზიონის ტოპ 5 მებრძოლთა შორის მოიაზრებოდა და ტიტულისთვის რამდენჯერმე უჩხუბია. აღფრთოვანებული ვარ და ვიცი, რომ კაბი არის მებრძოლი, რომელსაც ჩხუბი უყვარს. ის უკან არ დაიხევს, შეტევაზე გადმოვა და სწორედ ეს გამოიწვევს, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვაჩვენო.

დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლისას იგი გრეპლინგსა და ჭიდაობას აუცილებლად გამოიყენებს, რადგან ყველა თვლის, რომ ჩემ წინააღმდეგ თეიქდაუნების განხორციელებაა საჭირო და ისინი მართლები არიან. პირადად მე, მიმაჩნია, რომ UFC-ში საუკეთესო სტრაიკერი ვარ და ჩემმა მეტოქეებმა სწორედ თეიქდაუნები უნდა სცადონ. კაბმა რომც თქვას, გიგას წინააღმდეგ განახლებულ სტრაიკინგს გამოვიყენებო და ახალ შესაძლებლობებს ვაჩვენებო, მაინც არ დავუჯერებ, რადგან მეცოდინება, რომ იტყუება. ყველა, ვინც ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე გამოვა, ერთსა და იმავეს ეცდება და ამისთვის მზად ვარ. ასე რომ, არ მგონია, ვინმემ გამაოცოს.

მინდა, ასეთი ბრძოლები მომავალშიც გავმართო. მიხარია, რომ როგორც იქნა, ისეთი მეტოქე შემხვდა, რომელსაც ხალხი იცნობს. აქამდე მყავდა ოპონენტები, რომლებიც ცნობილები არ იყვნენ. დარწმუნებული ვარ, MMA-ის ნამდვილ ქომაგებს მათ შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენებოდათ, თუმცა სუონსონი არის მებრძოლი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, მომდევნო ბრძოლაში კი უფრო სახელგანთქმულ მეტოქესთან მსურს ჩხუბი“.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და სუონსონის ბრძოლა თბილისის დროით 2 მაისს გაიმართება. 37 წლის ამერიკელს კარიერაში 38 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 27 მოგება და 11 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები