ლივერპული VS რეალი - მატჩის წინ
Aa
Aa

ლივერპული VS რეალი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური განმეორებითი დაპირისპირება „ლივერპულსა“ და „რეალს“ შორის კარს მოგვადგა. ასეთი დაპირისპირებების წინ გულშემატკივრებს ხშირად აინტერესებთ გუნდების მდგომარეობა, მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენციები და ა.შ

Crystalsport ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მადრიდში „რეალის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ზიდანის გუნდიდან თავი ვინისიუსმა(2) და ასენსიომ გამოიჩინეს. მერსისაიდელებიდან ერთადერთი გოლი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.

„ლივერპული“

მიმდინარე სეზონში კლოპის გუნდი არასახარბიელო ფორმაშია. მეტწილად ეს ყველაფერი საკვანძო ფეხბურთელების ტრავმებმა გამოიწვია. პრემიერ ლიგაში მერსისაიდელები ოთხეულისთვის იბრძვიან. უკანასკნელ ტურში კი „ასტონ ვილას“ 3:1 მოუგეს. აქედან გამომდინარე „ლივერპული“ „რეალს“ შედარებით კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი - ინგლისელებს, რომ ვან დაიკი, გომესი და მატიპი დიდი ხანია ვერ ეხმარებიან ეს ახალი არ არის. „ლივერპულს“ ასევე კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი არ ეყოლება. კლოპის განკარგულებაში არც დივოკ ორიჯი და კაომინ კელეჰერი იქნებიან.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ?

„როდესაც პირველ შეხვედრას 1:3-ს აგებ, ისე ჩანს თითქოს უკვე გავარდნილები ვართ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

რამდენიმე წლის წინ „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელის რანგში „რეალს“ დავუპირისპირდი. პირველი შეხვედრა 0:3 დავთმე. ჟურნალისტებმა მაშინ მკითხეს დასრულებული იყო თუ არა ყველაფერი. მეორე შეხვედრა 2:0 მოვიგეთ და მესამე გოლამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. იმ შეხვედრაში მთავარი ანგარიში არ იყო. ჩემმა გუნდმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა.

კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ეს მატჩი სხვებისგან დიდად არ გამოირჩევა. დაცვაში კარგად თამაში არ უნდა დავივიწყოთ, თორემ დავისჯებით. მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელიც მადრიდის „რეალისგან“ მომენტებს არ მიიღებს.

იმედი მაქვს იმაზე მეტ მომენტს შევქმნით ვიდრე ეს მადრიდში გავაკეთეთ. ასე ყველაფერი გამარტივდება. „ქამბექის“ გულშემატკივრების გარეშე შესრულება რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით საკუთარი ატმოსფერო შევქმნათ.

ორივე გუნდს ინტენსიური სეზონი აქვს და უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ „რეალი“ 100%-ით მზად იქნება, მაგრამ საინტერესოა როგორ გრძნობენ თავს „ბარსელონასთან“ დამღლელი მატჩის შემდეგ..?“

„რეალი“

„სამეფო კლუბი“ „ლივერპულთან“ შეხვედრას იდეალურ ხასიათზე ხვდება. მადრიდელებმა გასულ უიქენდზე „ბარსელონას“ უმასპინძლეს და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ ზიდანის გუნდმა კატალონიელებს სატურნირო ცხრილში გადაასწრო და თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი - ამ მხრივ მადრიდელებს საკმაოდ დიდი პრობლემა აქვთ. ედენ აზარი, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ლუკას ვასკესი და დანი კარვახალი - ეს იმ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც „ლივერპულთან“ ვერ ითამაშებენ.

რა თქვა ზიდანმა მატჩის წინ?

„ვიცით, ხვალ როგორი მატჩი გველოდება. ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველის და მისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. ხვალინდელ დაპირისპირებაში შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით - გუნდურად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ.

ჩვენ მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ და მოედანზე უნდა გავიდეთ და შევეცადოთ, რომ ნახევარფინალის საგზური მოვიპოვოთ, ამისთვის კი, კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩის ჩატარება იქნება საჭირო. მზად ვართ, მეტოქეს კონკურენცია გაუწიოს და შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. რთულ პერიოდში რეალი ყოველთვის ერთ მუშტად იკვრება და ეს ამ გუნდის ხასიათს შესანიშნავად ასახავს, თუმცა მოდუნება არ შეიძლება და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 14 აპრილს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები