ალეგრი ანიელის:
Aa
Aa

ალეგრი ანიელის: "მოიშორე რონალდუ!"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა დამრიგებელმა კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა ურჩია. იტალიელი სპეციალისტის აზრით, 5 ოქროს ბურთის მფლობელი ტურინულ გრანდს გაზრდაში და განვითარებაში ხელს უშლის. ინფორმაცია La Repubblica-მ გაავრცელა.

„მოიშორე რონალდუ, ის გუნდის განვითარებას ხელს უშლის“ - ალეგრიმ ამ შინაარსის წერილი ანიელის გაუგზავნა

„იუვენტუსი“ რონალდუს გადმოსვლის შემდეგ

ტურინული გრანდი სერია ა-ს ყოველთვის უპრობლემოდ იგებდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადმოყვანის მთავარი იდეა კი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ „ბიანკონერიში“ ჩაირიცხა, ტურინელები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან მიყოლებით „აიაქსმა“, „ლიონმა“ და „პორტუმ“ გამოაგდო.

კრიშტიანუ იუვესთვის პრობლემაა

„პორტუსთან“ დამარცხების შემდეგ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა რონალდუს წასვლის შესახებ, თუმცა ანიელიმ განაცხადა, რომ პორტუგალიელი იუვეს მომავალია და არსად არ აპირებს წასვლას.

Football Italia წერს, რომ „იუვენტუსი“ რონალდუს პატიმარი გახდა. მისი ანაზღაურება ძალიან მაღალია და კლუბს ხელფასის გადახდა უჭირს.

Calciomercato.com იუწყება, რომ ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელები სეზონის დასრულების შემდეგ შეხვდებიან და მომავლის შესახებ ისაუბრებენ. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება წავა თუ არა რონალდუ.

ფინანსური სარგებელი და ბენეფიტები

Football Italia იმასაც წერს, რომ კლუბი სეზონის ბოლოს რონალდუს გასაშვებად მზად არის, მაგრამ გასათვალისწინებელია თავად პორტუგალიელი ვარსკვლავის აზრი. კრიშტიანუს იტალიაში უდიდესი ფინანსური სარგებელი და ბენეფიტები აქვს. მაგალითისთვის შეგვიძლია სახელმწიფო გადასახადები მოვიყვანოთ. ვიგებთ, რომ ოფიციალური გადასახადები იტალიაში საკმაოდ დაბალია და ეს რონალდუსთვის კომფორტია. თუ ვეტერანი თავდამსხმელი იტალიას დატოვებს მას ეს ფინანსური სარგებელი აღარ ექნება.

კრიშტიანუს სტატისტიკა „იუვენტუსში“ და 7 აპრილს დაფიქსირებული მიღწევა.

2018 წლიდან დღემდე რონალდუმ „ბებერი ქალბატონის“ მაისური 126-ჯერ მოირგო და 97 გოლი გაიტანა.

სერია ა-ს 28-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი პორტუგალიელმა გაიტანა, რომელიც მისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

„ნაპოლის“ კარში გატანილი გოლი ვეტერანი თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 25-ე იყო. ამ რაოდენობის გოლების გატანა რონალდუმ შიდა ჩემპიონატებში ბოლო 12 წელიწადში 11-ჯერ შეძლო.

კრიშტიანუმ მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ 2018/2019 წლების სეზონში ვერ დააფიქსირა. ტურინული კარიერის პირველ წელს პორტუგალიელმა სერია ა-ს მეტოქეების კარი 21-ჯერ აიღო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები