5 ვარსკვლავი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ
Aa
Aa

5 ვარსკვლავი, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ

EURO 2020 და კოპა ამერიკა კარს მოგვადგა. ქვეყნები ნელ-ნელა ემზადებიან და ყველას თავისი ამბიცია აქვს.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ  5 დიდებულ ფეხბურთელს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია არ გამოუძახებიათ და მეტიც, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე და კოპა ამერიკაზე ვერც ვიხილოთ.

მაურო იკარდი

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის ფიგურირებდა, თუმცა საბოლოოდ შემადგენლობაში მაინც ვერ მოხვდა. მაურო ვერც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ.

ამის მიზეზად კი პრესაში მისი და ვან და ნარას ურთიერთობა დაასახელეს. გეტყვით, რომ ვანდა ნარა მაქსი ლოპესის ყოფილი მეგობარი გოგონა გახლავთ. მაქსი ლოპესი კი ლიონელ მესის ახლო მეგობარია. ეს მიზეზი ცოტა ბავშვურს და არასერიოზულს ჰგავს და რეალურად სიმართლე არავინ იცის.

მიუხედავად ამისა, გასულ წელს არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ მაურო მის გეგმებში შედის და ის ნაკრებიდან მოკვეთილი არ არის.

ცნობისთვის, 28 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 8-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ტომას მიულერი

„ბაიერნის“ შემტევმა ნახევარმცველმა გერმანიის ნაკრებში უკანასკნელი მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამართა. მისი ქვეყანა ჯგუფში ჩარჩა. ამის შემდეგ იოჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებით ტომასი ნაკრებიდან მოიკვეთა. მიულერს ნაკრებში ბოლო 3 წლის განმავლობაში აღარ უთამაშია.

ამ ფაქტს გერმანელი გულშემატკივრები უარყოფითად აფასებენ და ტომასის დაბრუნებას ითხოვენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჰანსი ფლიკის „ბაიერნში“ დანიშვნამდე გერმანელი შემტევი არასახარბიელო ფორმაში იმყოფებოდა, თუმცა დღეს იგი „რეკორდმაისტერის“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

მიულერმა მიმდინარე სეზონში 32 გოლში მიიღო მონაწილეობა. 14 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა. ტომასზე ლოთარ მათეუსმაც ისაუბრა: „მიულერს ნაკრებში 2 მიზეზის გამო წავიყვანდი. ესენია მისი სათამაშო ხარისხი და გამოცდილება. თუ ის ასე გააგრძელებს თამაშს, მის გარშემო მსგავსი ფეხბურთელი არ მეგულება.“

შეგახსენებთ, რომ მიულერმა 2010 წლის მუნდიალზე 5 გოლი გაიტანა. 2014 წელსაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა, თუმცა 2018 წელი მთლიანად გერმანიისთვის იყო წარუმატებელი.

31 წლის შემტევმა გერმანიის ნაკრების მაისური 100-ჯერ მოირგო და 38 გოლი გაიტანა. მიულერი იოჰიმ ლიოვის განკარგულებაში 2010 წლის 3 მარტიდან იყო.

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

2017/2018 წლებში მერსისაიდელთა მარჯვენა მცველი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა და ინგლისის ნაკრების უპირობო წევრად მოიაზრებოდა. გარეთ საუთგეიტი მას მუდმივად ენდობოდა, თუმცა ხსენებული სეზონის შემდეგ არნოლდმა დაცვაში კარგ თამაშს მოუკლო, რაც ინგლისელთა თავკაცს არ გამოჰპარვია. ტრენტი არც ამ სეზონში ბრწყინავს და მან ეროვნულ ნაკრებში ადგილი დაკარგა. არნოლდს ხან კაილ უოკერი ანაცვლებს, ხან კი კიერან ტრიპიერი.

„ლივერპულის“ უკანახაზელის სტატისტიკაც ყველაფერზე მეტყველებს. მიმდინარე სეზონში ტრენტი მოწინააღმდეგესთან ერთი ერთზე ბრძოლაში 89-ჯერ დამარცხდა. 17 საჰაერო ორთაბრძოლიდან კი მხოლოდ 6 მოიგო. ამ ყველაფერმა საუთგეიტის აზრები შეცვალა და არნოლდის მიმართ ნდობა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ტრენტს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. თავი კი გულშემატკივრებს 1 გოლით დაამახსოვრა.

მატს ჰუმელსი

მსგავსად მიულერისა, „დორტმუნდის ბორუსიას“ მცველი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. მისი თამაშით იოჰიმ ლიოვი ძალიან უკმაყოფილო იყო და შეიძლება ითქვას, რომ ჰუმელსმა საუკეთესო ფორმა და წლები უკვე მოილია. მას ხშირად „დორტმუნდის“ გულშემატკივრებიც აკრიტიკებენ, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გერმანელებს დღესდღეობით დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვთ და გერმანიაში მატსის უკან დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.

იმასაც გეტყვით, რომ 32 წლის უკანახაზელი მიმდინარე სეზონში ნორმალურად გამოიყურება. „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. „ქალაქელებს“ უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ და მათი მომენტების უმეტესობა სწორედ ჰუმელსმა განმუხტა.

მიმდინარე სეზონის სტატისტიკის მიხედვით კი მატსი ორთაბრძოლების 79%-ს იგებს და გასულ სეზონებთან შედარებით წელს ყველაზე კარგ ფორმაში იმყოფება. გერმანიაში ჰუმელსის ნაკრებში დაბრუნებაზე ბევრს საუბრობენ.

ცნობისთვის, ჰუმელსმა "ბუნდეს ნაკრების" შემადგენლობაში 70 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

კარიმ ბენზემა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი წლებია საფრანგეთის ნაკრებში აღარ თამაშობს. ამის მიზეზი ვალბუენასთან მომხდარი ცნობილი ინციდენტია. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის შემტევი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო. ამის გამო ორივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმს კი ამ ინციდენტის შემდეგ "მამლების" მაისური აღარ ჩაუცვამს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კარიმი საოცარ ფორმაში იმყოფება და „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბენზემას მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი და ისტორიული შედეგიც კი დააფიქსირა.

კარიმმა 20 გოლზე მეტი ზედიზედ მე-9 სეზონში გაიტანა. ამ შედეგით ბენზემა "სამეფო კლუბის" ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.

მსგავსი სტატისტიკა მადრიდის "რეალის" ისტორიაში მხოლოდ 3 ფეხბურთელს ჰქონდა. ესენი არიან ალფრედო დი სტეფანო, რაულ გონსალეს ბლანკო და კრიშტიანუ რონალდუ. "ბლანკოსის" "ცხრიანი" კი მათ გვერდით დადგა.

ბენზემამ ჯამში "მამლების" მაისური 87-ჯერ მოირგო და 27 გოლი გაიტანა.

EURO 2020

ევროპის ჩემპიონატი გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა და ხსენებული ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება.

ევრო 2020-ის ჯგუფები

ჯგუფი A: თურქეთი, იტალია, შვეიცარია, უელსი.

ჯგუფი B: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი.

ჯგუფი C: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ.მაკედონია.

ჯგუფი D: ინგლისი, შოტლანდია, ხორვატია, ჩეხეთი.

ჯგუფი E: ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.

ჯგუფი F: უნგრეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 11 ივლისს დასრულდება. იმასაც გეტყვით, რომ A ჯგუფის თამაშები რომში და ბაქოშია დაგეგმილი. B ჯგუფი - კოპენჰაგენი/სანკტ-პეტერბურგი. C ჯგუფი - ამსტერდამი/ბუქარესტი. D ჯგუფი - ლონდონი/გლაზგო. E ჯგუფი - ბილბაო/დუბლინი. F ჯგუფი - მიუნხენი/ბუდაპეშტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები