სიტყვების ომი კონორსა და პორიეს შორის - დასტინი ამბობს, რომ მაკგრეგორმა პირობა დაარღვია
Aa
Aa

სიტყვების ომი კონორსა და პორიეს შორის - დასტინი ამბობს, რომ მაკგრეგორმა პირობა დაარღვია

UFC-ის მებრძოლის, დასტინ პორიეს თქმით, კონორ მაკგრეგორმა პირობა არ შეასრულა და ამერიკელის საქველმოქმედო ფონდს 500 000 აშშ დოლარი არ გადაურიცხა. 2020 წლის ბოლოსკენ, როცა კონორი და დასტინი ბრძოლის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ირლანდიელმა განაცხადა, რომ პორიესა და მისი მეუღლის საქველმოქმედო ორგანიზაციას, The Good Fight Foundation-ს სოლიდური თანხით დაეხმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს, სიტყვა არ შეასრულა.

ახლახან, მაკგრეგორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ის ილეთი დაასახელა, რომლითაც მესამე ბრძოლაში დასტინს დაამარცხებდა. ამერიკელი სწორედ ამ პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა: „სახალისო პროგნოზია. შენ ისიც ივარაუდე, რომ ჩემს საქველმოქმედო ფონდს შემოწირულობას გაუკეთებდი, მაგრამ შენ და შენმა გუნდმა იანვარში გამართული ჩხუბის შემდეგ, ჩვენთვის პასუხის გაცემა შეწყვიტეთ“.

ამ პოსტის შემდეგ, „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა პორიეს გაახსენა, რომ მან და მისმა მეუღლემ ბრძოლამდე დაადასტურეს, რომ მაკგრეგორი დანაპირებს ასრულებს და მას მადლობაც გადაუხადეს, რაზეც დასტინის პასუხი ასეთი გახლდათ: „მადლობა იმიტომ გადავუხადეთ, რომ ბრძოლის კვირისას მისი გუნდი დაგვიკავშირდა, რათა თანხის გადარიცხვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ ჩხუბის შემდეგ გაუჩინარდნენ და ბოლო 2 თვის განმავლობაში უპასუხოდ გვტოვებდნენ. ჩემი საქველმოქმედო ფონდი მათ 3-ჯერ დაუკავშირდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი უკან დავტოვოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. ჩვენს ახალ მიზანს მალე გავასაჯაროვებთ“.

პორიეს სიტყვებს კონორი ასე გამოეხმაურა: „შემოწირულობა ვალი არაა. ველოდებოდით გაგვეგო ამ თანხასთან დაკავშირებით რა გეგმები გქონდათ, მაგრამ არაფერი მიგვიღია. ჩემი ყველა შემოწირულობისას ასე ვიქცევი და თავიდან ბოლომდე ვიცი ისინი სად მიდიან. თუ ასე არაა, ისინი არსად მიდიან. სამწუხაროდ, ასეთი რამ ბევრ საქველმოქმედო ფონდთან მიმართებით ხდება. შენ ქამრისთვის ჩხუბის ნაცვლად, ჩემთან ბრძოლის გამართვას დათანხმდი და ეს ადასტურებს, რომ მართალი ვარ“.

მებრძოლებს შორის გამართული სიტყვების ომი ასე არ დასრულებულა და პორიეს მაკგრეგორი პასუხის გარეშე არ დაუტოვებია: „ვალი არასდროს ყოფილა! შენ შემოგვთავაზე, ჩვენ - დაგთანხმდით. როგორც უკვე ვთქვი, შენს გუნდს ჩვენს ელექტრონულ წერილებზე, რომელთა შორის თანხის გამოყენების პროცესთან დაკავშირებული დეტალებიც იყო, არ უპასუხია. 10 ივლისს შენ წაგებას კიდევ ერთხელ იგრძნობ“.

პორიეს სიტყვებმა ირლანდიელი მებრძოლი გააღიზიანა და კონორმა თავის ბოლო პოსტში განაცხადა, რომ 10 ივლისს მასთან აღარ იჩხუბებს: „ყურებით რატომ ფიქრობ? შენ უბრალოდ უტვინო სოფლელი ხარ. 500 000 დოლარი გეგმების გარეშე... ალბათ ფულთან ახალი ხარ და მასზე არაფერი იცი. სხვათა შორის, ჩვენი ბრძოლა აღარ გაიმართება. 10 ივლისს შენ მაგივრად, ვინმე სხვას ვეჩხუბები“.

შეგახსენებთ, რომ UFC 257-ის ფარგლებში პორიემ კონორი დაანოკაუტა და მესამე ბრძოლა 10 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები