ჩელსი VS პორტუ - მატჩის წინ
Aa
Aa

ჩელსი VS პორტუ - მატჩის წინ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ლონდონის ''ჩელსი'' ''სანჩეს პისხუანზე'' ''პორტუს'' უმასპინძლებს. თამაში 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩიც ამავე სტადიონზე გაიმართა და ნომინალური მასპინძელი ''პორტუ'' ინგლისურ გუნდთან 0:2 დამარცხდა. აქედან გამომდინარე, ამ წყვილში სტუმრისა და მასპინძლის მცნებები ძალიან პირობითია. 

''სანჩეს პისხუანზე'' გამართული პირველი დაპირისპირება ტომას ტუხელის გუნდმა მეისონ მაუნტისა და ბენ ჩილველის გოლებით მოიგო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსეისაოს გუნდმა ტურინის ''იუვენტუსი'' მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, პორტუგალიური კლუბის მხრიდან უფრო მეტს ელოდნენ, მაგრამ რეალურად ორივე მატჩი ნეიტრალურ მოედანზე იმართება და შესაძლოა საპასუხო მატჩი ''ჩელსისთვის'' უფრო რთული აღმოჩნდეს.

ჩელსი

''პორტუსთან'' გამარჯვების შემდეგ ''არისტოკრატებმა'' პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ''კრისტალ პალასი'' სტუმრად დაამარცხეს. ტუხელის გუნდის მხრიდან პულიშიჩმა დუბლი შეასრულა. ამერიკელის გარდა მასპინძლებს ჰავერცმა და ზუმამ გაუტანეს. 

პრემიერ ლიგაში ''ჩელსი'' საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის. ამ ეტაპზე ტუხელის გუნდი მე-5 პოზიციაზეა და ოთხეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მოგეხსენებათ, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, რაც ''ჩელსისთვის'', როგორც ამბიციური კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ

''ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულნი, ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში რამდენადაც შესაძლებელია, რაც გაზრდის ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირების შანსს.

პირველ მატჩში თამაშს ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით და გუნდურ პრესინგს ვახორციელებდით, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში ''პორტუ'' პრესინგისგან თავს აღწევდა. პირველ მატჩში მხოლოდ შეტევაში ყოფნა არ გვიწევდა, უკან ჩამოსვლა და საკუთარი კარის უსაფრთოებაც მნიშვნელოვანი იყო, თამაში ამას ითხოვდა.

ახლა ''პორტუს'' ამოცანა გოლების გატანაა, ხოლო ჩვენ როგორც თავდაცვაზე, ასევე შეტევაზე უნდა ვიფიქროთ. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით მეტოქე უფრო კომფორტულ ვითარებაშია, რადგან მისი მიზანი ნათელია, აქცენტი შეტევაზე უნდა გააკეთოს, გოლები სჭირდება''.

პორტუ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ''ჩელსისთან'' მარცხის შემდეგ სერხიო კონსეისაოს გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად ''ტონდელა'' დაამარცხა (0:2). ''პორტუს'' მხრიდან გოლები ტონი მარტინესისა და მეჰდი ტარემის ანგარიშზეა.

პორტუგალიის ჩემპიონატს ლისაბონის ''სპორტინგი'' 66 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან ''პორტუს'' 6 ქულით უსწრებს. პორტუგალიის ჩემპიონატში ''პორტუსთვის'' ყველაზე მეტი გოლი სერჟიო ოლივეირამ გაიტანა, თუმცა მან 12-დან 7 გოლი პენალტით შეაგდო, ხოლო მეჰდი ტარემის ანგარიშზე 10 გოლია, ირანელს პენალტი არ გაუტანია.

რა თქვა კონსეისაომ მატჩის წინ

სერჟიო კონსეისაო: ''ჩელსისთვის'' ძალიან რთულ მატჩს თავდაჯერებულნი ვხვდებით. ვიცით, რომ წინ ურთულესი ამოცანაა შესასრულებელი. როცა ''პორტუს'' მაისურით მოედანზე გადიხარ, გრძნობ რომ ისტორიულ კლუბს წარმოადგენ.

ჩვენ უნდა გავიტანოთ გოლები, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ კარის უსაფრთოებაზე და გოლი არ უნდა გავუშვათ. ვფიქრობ, პირველ მატჩში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან კარგად არ გვითამაშია. ვეცდებით გუნდის თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ და წარმატებას მივაღწიოთ, რაც ძალიან რთული შესასრულებელი იქნება''.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, ზუმა, რუდიგერი, რის ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო, მაუნტი, ჰავერცი, პულიშიჩი

პორტუ: მარჩესინი, მანაფა, პეპე, მბემბა, ზაიდუ, კორონა, სერჟიო ოლივეირა, ურიბე, ოტავიო, მარეგა, ტარემი

დანაკლისი

''ჩელსის'' მხრიდან მატჩს არავინ გამოტოვებს, თუმცა საეჭვოა კრისტენსენისა და ტიაგო სილვას თამაში

''პორტუს'' მხრიდან მატჩს არავინ გამოტოვებს

შეხვედრას მოემსახურება ფრანგ მსაჯთა ბრიგადა, რომელსაც კლემენ ტურპინი უხელმძღვანელებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები