პსჟ VS ბაიერნი- მატჩის წინ
Aa
Aa

პსჟ VS ბაიერნი- მატჩის წინ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ''ბაიერნი'' სტუმრად მაურისიო პოჩეტინოს პსჟ-ს დაუპირისპირდება. შეხვედრა ''პარკ დე პრენსზე'' 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პირველი მატჩი მიუნხენში, ''ალიანს არენაზე'' შედგა და საფრანგეთის ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა - 2:3. გერმანიაში მბაპესა და მარკინიოსის გოლებით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა ფლიკის გუნდმა ჩუპო-მოტინგისა და ტომას მიულერის გოლებით წონასწორობა აღადგინა. 68-ე წუთზე მბაპემ გამარჯვების გოლი შეაგდო და არგენტინელის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთის დედაქალაქში კარგი განწყობით დაბრუნდა.

პსჟ

გერმანიაში გამარჯვების შემდეგ პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში სტუმრად ''სტრასბურგი'' დაამარცხა (1:4). გოლები მბაპემ, სარაბიამ, კინმა და პარედესმა გაიტანეს, თუმცა სატურნირო ცხრილის ლიდერი კვლავ ''ლილია'', რომელიც მეორეადგილოსან პსჟ-ს 3 ქულით უსწრებს.

გასული წლებისგან განსხვავებით პსჟ-ს ჩემპიონობის შანსი შემცირდა, უპირატესობას ''ლილი'' ფლობს, რაც ურთიერთშეხვედრაშიც აისახა, ''ბაიერნთან'' მატჩამდე პსჟ საკუთარ კედლებში ''ლილისთან'' დამარცხდა.

ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კილიან მბაპე 21 გოლით ლიდერობს და ცხადია მიმდინარე სეზონში გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა.

რა თქვა პოჩეტინომ მატჩის წინ

მაურისიო პოჩეტინო:''ამ მომენტში მიუნხენის ''ბაიერნი'' მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ამ გუნდს უზარმაზარ პატივს ვცემ, მაგრამ ამავე დროს ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა და ვიცით, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ.

თუ ნახევარფინალში გასვლას შევძლებთ, ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ჩვენი სურვილი ყოველთვის ტიტულების მოპოვებაა. 

პირველი მატჩის მსგავსად მიუნხენური გუნდი ბევრ სირთულეს შეგვიქმნის, თუმცა კარის უსაფრთხოების გარდა შეტევაზე და მომენტების შექმნაზე უნდა ვიფიქროთ. ასე რომ საპასუხო მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა''.

პრესნელ კიმპემბე: ''ბაიერნს'' დიდ პატივს ვცემ, ახლა ევროპაში საუკეთესო კლუბია, თუმცა გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებ. დიდებული იქნება თუ გერმანული კლუბის ბარიერს დავძლევთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ''.

მიუნხენის ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის ''ბაიერნი'' პსჟ-სთან მარცხის შემდეგ ბერლინის ''უნიონს'' დაუპირისპირდა. ბუნდესლიგის 28-ე ტურში ფლიკის გუნდი ჯამალ მუსიალას გოლით გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მატჩის მიწურულს ბერლინურმა გუნდმა წონასწორობა აღადგინა და ''ბაიერნმა'' მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მიუნხენური გრანდის ანგარიშზე 65 ქულაა და მეორეადგილოსან ''ლაიფციგს'' 5 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ''ბაიერნის'' ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ვარჯიში განაახლა, თუმცა გერმანულ გრანდს პსჟ-სთან მატჩში ვერ დაეხმარება, რაც ცხადია გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

რა თქვა ფლიკმა მატჩის წინ

ფლიკი: ''ვიცით, რომ მინიმუმ 2 გოლი უნდა გავიტანოთ, რაც ადვილად შესასრულებელი ამოცანა არ იქნება. რა თქმა უნდა, მიზნის მიღწევის შემთხვევაში ძალიან კმაყოფილები ვიქნებით.

პირველ მატჩში გოლის გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ყველაფერი უკეთ უნდა გავაკეთოთ, რაც ადვილი არ იქნება, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ''.

ტომას მიულერი: ''ბედნიერნი ვიქნებით თუ პირველი მატჩის მსგავსად ბევრ საგოლე მომენტს შევქმნით, კრიტიკულ მომენტებში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, უკეთესი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

პირველ მატჩს ანალიზი გავუკეთეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და იმედი მაქვს ანალიზი პრაქტიკაში აისახება''.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები

პსჟ: ნავასი, დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო, გეიე, პარედესი, დი მარია, დრაქსლერი, ნეიმარი, მბაპე

ბაიერნი: ნოიერი, პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი, კიმიხი, ალაბა, სანე, მიულერი, კომანი, ჩუპო-მოტინგი

დანაკლისი

პსჟ-ს მხრიდან მატჩს გამოტოვებენ: ბერნატი, იკარდი

საეჭვოა დიალოს, კურზავას, მარკინიოსის, ფლორენცისა და ვერატი თამაში

ბაიერნის მხრიდან მატჩს გამოტოვებენ: დუგლაშ კოშტა, გნაბრი, ლევანდოვსკი, ზიულე, ტოლისო

საეჭვოა როკას თამაში

შეხვედრას მოემსახურება იტალიელ მსაჯთა ბრიგადა, რომელსაც დანიელე ორსატო უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები