Aa
Aa

დუბლი და 2 ასისტი - GoalPoint-მა სეზონში 10.0-ით ფეხბურთელი პირველად შეაფასა

ლისაბონის „ბენფიკას“ თავდამსხმელ ჰარის სეფეროვიჩს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა და მაგალითად GoalPoint-ისგან უნაკლო შეფასება - 10.0 მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემამ 10-ბალიანი შეფასება სრულად მიმდინარე სეზონში პირველად გამოიყენა.

შვეიცარიელმა ფორვარდმა „პასუშ დე ფერეირასთან“ მატჩისას 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ჯერ რაფა სილვას გაატანინა, შემდეგ კი - დარვინ ნუნიესს, რომელმაც 2-თვიანი მშრალი სერია დაარღვია და გოლის შემდეგ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.

ჰარის სეფეროვიჩი გასული თვიდან მოყოლებული შესანიშნავ ფორმაშია. მარტის დასაწყისიდან „ბენფიკამ“ სულ 17 გოლი გაიტანა, მათგან 8 კი სწორედ 29 წლის შვეიცარიელის ანგარიშზეა.

არადა, ბოლო სეზონებში იყო პერიოდები, როცა „არწივების“ ფანები სეფეროვიჩს მწვავედ აკრიტიკებდნენ, რადგან საოცარ მომენტებს აფუჭებდა და ძალიან ცოტა გოლი გაჰქონდა. წლევანდელი სეზონის მეორე წრიდან კი ჰარისი ათამაშდა და ამჟამად უკვე ჩემპიონატის თანაბომბარდირია.

გამოცდილი შემტევის აქტივში 16 შედეგიანი დარტყმაა, რაც „სპორტინგელ“ პედრო გონსალვეშის მაჩვენებლის იდენტურია. გარდა ამისა, სეფეროვიჩმა 6 საგოლე პასიც შეასრულა, რაც ლიგაში მე-2 შედეგია.

მისი გუნდიც მშვენიერ ფორმაშია და ბოლო 7 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო. „არწივებმა“ პრიმეირა ლიგის 26 ტურში 57 ქულა მოაგროვეს და ცხრილის მე-3 ადგილზე არიან. „პორტუსთან“ სხვაობა 3 ქულაა, ლიდერ „სპორტინგთან“ კი - 9.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები