ჰაინერი:
Aa
Aa

ჰაინერი: "ბაიერნი ჭორების მსხვერპლია"

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი იმედოვნებს, რომ ჰანსი ფლიკი „რეკორდმაისტერს“ მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის.

ჰერბერტის თქმით, გერმანული გრანდი ჭორების მსხვერპლია. იმ ჭორების, რომლებიც ფლიკის გერმანიის ნაკრებში დანიშვნას ეხება.

გერმანელი თავკაცი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლება. ჰანსმა „რეკორდმაისტერს“ ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოაგებინა.

გერმანულ პრესაში ხშირად წერენ, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იოჰიმ ლიოვს სწორედ 56 წლის სპეციალისტი ჩაანაცვლებს, მაგრამ „ბაიერნის“ პრეზიდენტი ასე არ ფიქრობს.

რა თქვა ჰაინერმა?

„ბაიერნი“ ჭორების მსხვერპლია. ნაკრებში მწვრთნელის ვაკანსიაა და მუდამ ფლიკზე საუბრობენ. ამ საკითხზე თავად ჰანსთან არ მილაპარაკია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენთან თანამშრომლობას გააგრძელებს და კლუბს არაერთ წარმატებას მოუტანს.“

ფლიკის შედეგები „ბაიერნში“

56 წლის მწვრთნელმა მიუნხენურ გრანდში 2019 წლის ნოემბერში ნიკო კოვაჩი ჩაანაცვლა და „ბაიერნი“ საოცრად აათამაშა. „რეკორდმაისტერმა“ ფლიკის ხელმძღვანელობით ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

ჰანსი ჩემპიონთა ლიგის ექვსი გზის გამარჯვებულს დღემდე 79-ჯერ გაუძღვა. 65-ჯერ გაიმარჯვა, 7-ჯერ დამარცხდა და 7 ფრეს დასჯერდა.

ვინ ჩაიბარებს გერმანიის ნაკრებს?

ამ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატი მოიაზრება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფლიკი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა სპორტულ მედიაში რალფ რანგნიკის, იურგენ კლოპის და იულიან ნაგელსმანის გვარებმაც გაიჟღერა.

მედიაში „ლივერპულის“ თავკაზე დიდი აქცენტი კეთდება. მერსისაიდელები მიმდინარე სეზონში არასახარბიელო ფეხბურთს თამაშობენ და ცუდი შედეგები აქვთ. ბრიტანული პრესა წერს, რომ პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს სტივენ ჯერარდი ჩაიბარებს, ხოლო კლოპი გერმანიის ნაკრებში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები