დაძაბული ელ კლასიკო, რეალის გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულა!
Aa
Aa

დაძაბული ელ კლასიკო, რეალის გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულა!

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრებმა ძალიან საინტერესო „ელ კლასიკო“ იხილეს. მასპინძელთა რანგში „რეალი“ მოგვევლინა, რომელმაც „ბარსელონა“ უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მადრიდელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. დროის გასვლასთან ერთად გამოიკვეთა, რომ ზიდანის გუნდი კონტრ-შეტევებზე აკეთებდა აქცენტს და ეს იდეალურადაც გამოუვიდათ. „ბარსელონა“ ბურთს ფლობდა და „ბლანკოსი“ დაცვიდან შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიოდა.

ერთ-ერთი ასეთი შეტევა კარიმ ბენზემამ ულამაზესი გოლით დააგვირგვინა. მე-13 წუთზე ფრანგმა ქუსლით ტერ შტეგენის კარი აიღო.

სცენარი არ იცვლებოდა. მასპინძელთა ერთ-ერთი კონტრ-შეტევის დროს ვინისიუსი წააქციეს და ბარსას კარში ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გოლად ტონი კროოსმა აქცია. კატალონიელები საინტერესოს ვერაფერს ქმნიდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს ლეო მესიმ კუთხური ჩააწოდა, რომელიც ტიბო კურტუას კარის ძელს მოხვდა. „სამეფო კლუბი“ გადარჩა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში კუმანის ბიჭებმა ზეწოლა გააძლიერეს და 59-ე წუთზე მინგესამ 1 ბურთი გაქვითა. გოლიდან 2 წუთში ისევ მადრიდელები გააქტიურდნენ და ბარსა ძელმა იხსნა. დროის გასვლასთან ერთად შეხვედრა გაცილებით საინტერესო გახდა. გუნდები მომენტებს ცვლიდნენ. ორივე გუნდი რამდენჯერმე გოლის გაშვებას გადარჩა.

73-ე წუთზე ზიდანმა ისკო, მარიანო და მარსელო გამოიყვანა. მინდვრიდან კი ბენზემა, კროოსი და ვინისიუსი გავიდნენ. 91-ე წუთზე კაზემირო გააძევეს. ბოლო წუთზე სტუმრებმა ბურთი ძელს მოარტყეს და "რეალი" გაშვებულ გოლს კიდევ ერთხელ გადარჩა. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმი „ბარსელონასი“ იყო, თუმცა მეორე გოლის გატანა ვეღარ შეძლეს და 3 ქულა „ბლანკოსმა აიღო.

შემადგენლობები:

„რეალი“ - კურტუა, ვასკესი(ოდრიოსოლა 43წთ), ნაჩო, მილიტაო, მენდი, კროოსი(ისკო 73წთ), მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე(ასენსიო 61წთ), ვინისიუსი(მარსელო 73წთ), ბენზემა(მარიანო 73წთ)

„ბარსელონა“ - ტერ შტეგენი, არაუხო(მორიბა 72წთ), მინგესა, ლენგლე, დესტი(გრიზმანი 46წთ), ალბა, ბუსკეტსი(სერხი რობერტო 64წთ), პედრი(ტრინკაო 81წთ), დე იონგი, დემბელე,(ბრაითვეითი 81წთ), მესი.

სატურნირო მდგომარეობა

ამ გამარჯვებით ზიდანის გუნდმა „ბარსელონას“ 1 ქულით გადაასწრო და მეტიც, დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. „რეალსაც“ და „ატლეტიკოსაც“ 66 ქულა აქვთ, მაგრამ სიმეონეს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები