ხიზანიშვილი ხვიჩაზე: ''მჯერა, მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდება''
Aa
Aa

ხიზანიშვილი ხვიჩაზე: ''მჯერა, მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდება''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი ტელეკომპანია ''არგოს'' ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა. 

''მასში დავინახე ის, რაც სხვა ფეხბურთელში არასდროს დამინახავს, არც ევროპაში და არც საქართველოში. ხვიჩას ერთი სული აქვს როდის ივარჯიშებს. საქმისადმი ასპროცენტიანი დამოკიდებულება აქვს, ძალიან კარგი პროფესიონალია. ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება, თუმცა ვარჯიშით არ კმაყოფილდება და დამატებით ვარჯიშობს.

საქართველოშიც და ევროპაშიც ჩემი თანაგუნდელებისგან გამიგია, რომ დამატებითი ვარჯიში უნდათ. ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ რომ ''მიგეშვა'' არ ივარჯიშებდნენ, ხოლო ხვიჩა იმდენად არის ფეხბურთისკენ მიმართული, საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაზე და როგორ ბრუნავს დედამიწა, მას მხოლოდ აინტერესებს ბურთი როგორ დაგორავს მოედანზე და ამაზეა ''დაგეშილი''.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ ფეხბურთელთან გვაქვს საქმე, რომელიც რამდენიმე წელში მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდება. მე ამის მჯერა, დიდი იმედი მაქვს და რესურსს ვხედავ''.

შეგახსენებთ, იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. Tuttomercatoweb-ის ცნობით ''მილანის'', ''იუვენტუსისა'' და ''ნაპოლის'' გარდა 20 წლის ქართველი ტალანტით მილანის ''ინტერი'' დაინტერესდა. ''რუბინის'' შემტევის შეძენა ბერგამოს ''ატალანტასაც'' სურს. ამავე წყაროს ცნობით კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

მასალაში გამოყენებულია GFF.GE-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები