მამის უცნობი ვიდეო ნახა - ემოციური და ატირებული კრიშტიანუ
Aa
Aa

მამის უცნობი ვიდეო ნახა - ემოციური და ატირებული კრიშტიანუ

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირს მორგანთან ინტერვიუს დროს ატირდა. ჟურნალისტმა მას მამამისის უცნობი ვიდეო აჩვენა, რომელშიც ხოსე დინის ავეირო კრიშტიანუს მიღწეული წარმატებების გამო აქებს. იუვეს შემტევს ხსენებული ვიდეო არასდროს ჰქონდა ნანახი. მისთვის ეს ყველაფერი იმდენად ემოციური იყო, რომ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

ხოსე დინის ავეირო 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მამა დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმს, თუმცა საბოლოოდ ვერ დაძლია და გარდაიცვალა. იმ დროს რონალდუ 20 წლის იყო.

რა თქვა რონალდუმ?

"ეს ვიდეო არასდროს მქონდა ნანახი. ეს შესანიშნავია. არ ვიცი ახლა მამაჩემი სად არის, მაგრამ ეს კადრები ჩემს ოჯახს უნდა ვაჩვენო. სამწუხაროდ მამაჩემის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ის დაავადებული იყო და ჩვენ ხშირი კომუნიკაცია არ გვქონდა. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ეს უდიდესი სისასტიკეა.“

კრიშტიანუს დედა

მარია დოლორეს დოს სანტოს ავეირომ გარდაცვლილი ქმრის შესახებ ისაუბრა: „მასთან ერთად ცხოვრება ძალიან რთული იყო. ის ყოველდღე ნასვამი იყო და ვხვდები, რომ ამ მიზეზის გამო კარგად არასდროს ვიცნობდი. ვისურვებდი, რომ ეს არ მომხდარიყო და გაცილებით ხშირად მენახა.“

რონალდუს ბოლო მიღწევა "იუვენტუსში"

სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მე-13 წუთზე პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გახსნა. ეს გოლი კი მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ვეტერანმა თავდამსხმელმა სერია ა-ს ეგიდით 25-ე გოლი გაიტანა. ამ რაოდენობის გოლების გატანა რონალდუმ შიდა ჩემპიონატებში ბოლო 12 წელიწადში 11-ჯერ შეძლო. კრიშტიანუმ მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ 2018/2019 წლების სეზონში ვერ დააფიქსირა. ტურინული კარიერის პირველ წელს პორტუგალიელმა სერია ა-ს მეტოქეების კარი 21-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები