Aa
Aa

"მის ადგილას, მეც გავღიზიანდებოდი" - კალაფიორიმ Ball Boy-სთან ინციდენტზე ისაუბრა

„აიაქსისა“ და „რომას“ შეხვედრის ბოლო წუთებზე, უცნაური ინციდენტი მოხდა. ბურთის მიმწოდებელმა ბიჭუნამ რომაელთა მცველ რიკარდო კალაფიორის ბურთი ესროლა და მკერდში მოარტყა.

კალაფიორი წამიერად გაბრაზდა და ბიჭთან პასუხის მოსათხოვად მივიდა, რისთვისაც მოგვიანებით ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ეპიზოდი მშვიდობიანად დასრულდა.

საინტერესოა, როგორ აფასებს ამ მომენტს „ჯალოროსის“ ახალგაზრდა მცველი. „იმ მომენტში ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მაგრამ საბედნიეროდ, თავის ხელში აყვანა და ემოციების გაკონტროლება შევძელი. ვერ ვიტყვი, რომ მის ამ საქციელს პატივს ვცემ, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. მეორე მხრივ, მეც რომ ვხედავდე, როგორ გაჰყავს დრო მეტოქის ფეხბურთელს, ეს მეც გამაღიზიანებდა“.

18 წლის კალაფიორი გუშინდელ მატჩში შეცვლაზე შევიდა. მან 29-ე წუთზე, დაშავებული ლეონარდო სპინაცოლა ჩაანაცვლა და იტალიური კლუბის მნიშვნელოვან გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„რომამ“ ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა, „აიაქსთან“ სტუმრად - 2:1 მოიგო. გოლები ლორენცო პელეგრინიმ და როხერ იბანიესმა შეაგდეს. გუნდები საპასუხო თამაშს 15 აპრილს, უკვე იტალიაში გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები