Aa
Aa

"ეს ღირსების საკითხია" - როზეტიმ მსაჯებს ავტოგრაფების თხოვნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

„სიტისა“ და „დორტმუნდის“ მატჩის შემდეგ, მსაჯმა ერლინგ ჰოლანდს ავტოგრაფი გამოართვა. ფაქტთან დაკავშირებით, უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ, ყველა რეფერის იმეილი მისწერა და სამომავლოდ ასეთი რამისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

როზეტიმ მსაჯებს წერილი იქამდე გაუგზავნა, სანამ ოქტავიან შოვრეს მოტივი გახდებოდა ცნობილი. Sky Sports-ის ჟურნალისტ პოლ გილმორის ინფორმაციით, როზეტიმ იმეილში მსაჯებს განუმარტა, რომ ფეხბურთელისთვის ავტოგრაფის გამორთმევა უბრალოდ მიუღებელია და ღირსების საკითხს ეხება.

საინტერესოა, შეიცვალა თუ არა აზრი იტალიელმა მას შემდეგ, რაც ჰოლანდისთვის რუმინელის მიერ ავტოგრაფის გამორთმევის მიზეზი გაცხადდა. როგორც გამოირკვა, რუმინელმა ლაინსმენმა ჰოლანდს ავტოგრაფი საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოართვა. რუმინული გაზეთის, Gazeta Sporturilor-ის მიხედვით, შოვრე დაეხმარა ბიჰორის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ცენტრს, რომელშიც აუტიზმის მძიმე ფორმის მქონე ბავშვები და ზრდასრული ადამიანები ცხოვრობენ. ცენტრი საარსებო თანხას სწორედ შემოწირულობებითა და მიღებუილი საჩუქრების გაყიდვით აგროვებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ რუმინელი მსაჯი ამ ცენტრს უკვე 5 წელიწადზე მეტია ეხმარება.

„სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მასშტაბური დახმარება გაგვიწია ოქტავიანმა წლების განმავლობაში. დიდი ხანია, რაც მაისურებს, ფოტოებს, ავტოგრაფებსა და სხვა სახის სუვენირებს აუქციონზე ვყიდით, მიღებული თანხისთ კი აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ვეხმარებით“, - ამბობს ცენტრთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი, სიმონა ზალიბუტი.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ოქტავიან შოვრე ცნობილი რუმინელი რეფერის, ოვიდიუ ჰაცეგანის სამსაჯო ბრიგადაში უკვე წლებია მუშაობს. ეპიზოდის შემდეგ იგი ბევრმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა, თუმცა რეალური მოტივის გარკვევისთანავე კრიტიკა სენტიმენტალური დამოკიდებულებებით შეიცვალა.

ბრიტანული Times-ი თვლის, რომ არის შანსი, უეფა-მ შოვრეს დასჯის გადაწყვეტილება მაინც მიიღოს, რადგან მსაჯის საქციელი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრესტიჟზე არც ისე რესპექტაბელურად აისახება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები