ბაიერნი VS პსჟ - მატჩის წინ
Aa
Aa

ბაიერნი VS პსჟ - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტები პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გამართავენ.

ევროპული ფეხბურთის ეს ორი გრანდი ერთმანეთის წინააღმდეგ ისტორიაში მე-10-ედ ითამაშებს. აგვისტოში, ფინალის წაგების მიუხედავად, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მაინც პსჟ-ს აქვს - 5 მოგება და 4 წაგება. ყველა ეს დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იყო.

ბაიერნი

„რეკორდმაისტერი“ ლიგის (1993 წლიდან) 1/4 ფინალურ ეტაპზე ისტორიაში მე-19-ედ ასპარეზობს, რაც ტურნირის ყველა დროის რეკორდია. აქამდე ამ რეკორდს „ბარსელონასთან“ იყოფდნენ.

ჰანსი ფლიკის გუნდმა უქმეებზე „ლაიპციგთან“ სუპერპრინციპული გასვლითი მატჩი მოიგო და პარიზელთა მასპინძლობისთვის დადებითი განწყობით ემზადება. ბავარიელები ბუნდესლიგას უკვე 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.


გერმანელთა მთავარი დანაკლისი, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც კიდევ დაახლოებით 10 დღე ვერ ითამაშებს. ასევე არ იქნებიან კორენტინ ტოლისო, სერჟ გნაბრი, მარკ როკა და დუგლას კოშტაც.

რა თქვა ფლიკმა მატჩის წინ

„ეს ახალი მატჩია, მათ ახალი გუნდი და ახალი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ გასული წლის ფინალის შემდეგ არც ისე ბევრი რამ შეცვლილა. პსჟ-ს ძლიერი დაცვა და, რა თქმა უნდა, გასაოცარი შეტევა ჰყავს. ჩვენ მათთვის ბურთის ფლობაში ხელის შეშლა უნდა შევძლოთ.

მანუელ ნოიერი გასული წლის ფინალში ფანტასტიკური იყო. რას ფიქრობთ, ახსოვთ ეს მეტოქის შემტევებს? ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო დონის მეკარე გვყავს“.

პსჟ

ნამდვილად არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მეტოქის მსგავს ხასიათზეა პსჟ, რადგან გუნდმა უქმეებზე უშუალო კონკურენტ „ლილთან“ შინ წააგო და ჩემპიონატის ლიდერობა გადაულოცა. თანაც, არასპორტული საქციელის გამო გააძევეს ნეიმარი, რომელსაც თამაშის ბოლოს ნერვებმა უმტყუნა.


ლევანდოვსკის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ საკადრო პრობლემებით პარიზელებიც დამძიმებულები არიან. მათი მხრიდან შეხვედრას დისკვალიფიცირებული პარედესი და ტრავმირებულები - ვერატი, იკარდი, კურზავა და ბერნატი დააკლდებიან. კორონავირუსი აქვს ალესანდრო ფლორენცის, ხოლო დანილო პერეირას მცირე ტრავმა აქვს და ჯერ არ იციან, შეძლებს თუ არა მინდორზე გასვლას.

რა თქვა პოჩეტინომ მატჩის წინ 

„ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატების გამარჯვებულ კლუბთან ვთამაშობთ. მათ პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და აქ მოსაგებად ჩამოვედით. თანაც, ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხება, როგორიც „ბაიერნია“, უდიდესი გამოწვევაა. გასული სეზონის შეხვედრა ფინალი იყო, ეს კი განსხვავებული ეტაპია და მათთან ორი თამაშის ჩატარება მოგვიწევს.

მიუნხენელებს ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, მაღალი დონის დაცვის ხაზითა და შემტევი ფეხბურთელებით, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ. ამ გუნდის წინააღმდეგ სწორი ბალანსი უნდა მოვნახოთ და სახიფათო ზონებში ბურთის დაკარგვას მოვერიდოთ.

ხალხი ყველაზე მეტს ნეიმარისა და მბაპეს შესახებ საუბრობს, მაგრამ იმ 11-მა ფეხბურთელმა, რომელთაც მე მოედანზე გავიყვან, მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთოს“.

სავარაუდო შემადგენლობები, მსაჯი და სად ვუყუროთ

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - ზანე, მიულერი, კომანი - ჩუპო-მოტინგი.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი - კერერი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო - გეიე, ერერა - დი მარია, ნეიმარი, მბაპე - კინი.

შეხვედრას მოემსახურება ესპანელ მსაჯთა ბრიგადა, რომელსაც გამოცდილი ანტონიო მატეუ ლაოსი უხელმძღვანელებს. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა „Silk უნივერსალის“ ეთერში შეგვეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები