პორტუ VS ჩელსი - მატჩის წინ
Aa
Aa

პორტუ VS ჩელსი - მატჩის წინ

„პორტუ“ და „ჩელსი“ მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, ისევე როგორც მეორეს, სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე“ ჩაატარებენ.

პორტუელები ლიგის 1/2 ფინალში 2004 წლის შემდეგ აღარ ყოფილან, „ჩელსის“ კი ამ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. ურთიერთშეხვედრებში „ჩელსი“ უკეთესია, რადგან 8-დან 5 თამაში მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 დათმო.

პორტუ

პორტუელებს ჩემპიონთა ლიგაზე 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ და იმის მიუხედავად, რომ „იუვენტუსთან“ სტუმრად 2:3 წააგეს, გასვლაზე გატანილი მეტი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

„დრაკონებმა“ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში „სანტა კლარას“ დიდი გაჭირვებით - 2:1 მოუგეს, რაც დიდად გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან წინ ეს მატჩი გახლდათ. თუმცა, თუკი კონსეისაოს გუნდს ასეთი წვალება და გამარჯვების გოლისთვის 95-ე წუთამდე ლოდინი დასჭირდებოდა, მაინც არ გვეგონა. თავის გუნდს 3 ქულა შეცვლაზე შესულმა მარტინეს ტონიმ მოუტანა, იქამდე კი პენალტიდან სერჟიო ოლივეირამ შეაგდო. პორტუელები პრიმეირა ლიგის ცხრილში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ „სპორტინგს“ 8 ქულით ჩამორჩებიან.

დღევანდელ თამაშში მასპინძლებს ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი არ ეყოლებათ - სერჟიო ოლივეირა და მეჰდი ტარემი. ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია აქვს, ასევე არ იქნება ტრავმირებული მბაიე, მაგრამ ის ძირითადის წევრი ისედაც არაა.

რა თქვა კონსეისაომ მატჩის წინ

„ვიცით, რომ ძალიან რთულ ამოცანას ვეჭიდებით, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია და, მით უმეტეს, ფეხბურთში. შემიძლია გითხრათ, რომ მატჩისთვის ერთი ან ორი სათაშო სისტემა გვექნება.

ვისურვებდი, რომ „ჩელსის“ თავისი ბოლო მატჩი მოგებული ჰქონდეს, მაგრამ ასე არაა. ფეხბურთში ხანდახან კარგია, როცა რაღაც მომენტში განგაშთან ერთად ცხოვრება გიწევს, რადგან ეს უფრო მეტად ფხიზლად ყოფნის ვალდებულებას გაკისრებს“.

ჩელსი

ტომას ტუხელის დანიშვნის შემდეგ „ჩელსი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა და 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც ჰქონდა, მაგრამ „ვესტ ბრომვიჩთან“ შაბათს გამართული შეხვედრა „ლურჯებისთვის“ კოშმარული გამოდგა. ისინი 29-ე წუთზე კაცნაკლული დარჩნენ და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან სახლში 2:5 წააგეს.


ტუხელმა აღნიშნა კიდეც, რომ 5 გოლს 10-კაციანი გუნდიც არ უნდა უშვებდეს. მისი შეგირდები პრემიერ ლიგის ზედა ოთხეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან და ბრძოლა გრძელდება.

„პორტუს“ წინააღმდეგ ინგლისელებს ნგოლო კანტეს იმედი ვერ ექნებათ, მცირე დაზიანება აქვს კრისტიან პულიშიჩსაც

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ

„ჩვენ ამ თამაშს ვხვდებით 2:5 მარცხით, რომელიც ჩემპიონატის მე-19 ადგილოსან გუნდთან ვიწვნიეთ. ასე რომ, კარგად ვიცით, როგორი თავმდაბლები და ყურადღებიანები უნდა ვიყოთ თითოეული მატჩისას.

შეგრძნება მაქვს და ვფიქრობ, „პორტუს“ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია, მაგრამ დღეს რთულ შეხვედრას ველოდები. მათ ამ ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და პორტუგალიაშიც ჩემპიონატის მოგებას ხშირად ახერხებენ. ეს ყველაფერი გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტს უყალიბებს. თუმცა, ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ და გვჯერა საკუთარი თავის, რომ ამ რაუნდის გადალახვა შეგვიძლია“.

სავარაუდო შემადგენლობები, მსაჯი და სად ვუყუროთ

პორტუ (4-3-2-1): მარჩეზინი - მანაფა, მბემბა, პეპე, სანუსი - გრუიჩი, ურიბე, ოტავიო - კორონა, ლუის დიასი - მარეგა.

ჩელსი (3-4-1-2): მენდი - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო - მაუნტი - ვერნერი, ჟირუ.

შეხვედრას მოემსახურება სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა, რომელსაც სლავკო ვინჩიჩი უხელმძღვანელებს. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა „Silk სპორტ HD1“-ის ეთერში შეგვეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები