„თავდაჯერებულია და თავისუფლად თამაშობს
Aa
Aa

„თავდაჯერებულია და თავისუფლად თამაშობს" - IndyStar გოგას პროგრესზე საუბრობს

Indystar.com-მა „ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და 21 წლის ცენტრის პროგრესზე ისაუბრა.

„სეზონში, რომელშიც ყველაფერი ცუდისკენ მიდის, ტი ჯეი უორენის ტრავმით დაწყებული, კარის ლევერტისთვის თირკმელზე ჩატარებული ოპერაციით დამთავრებული, ინდიანას ნათელი წერტილი მეორეწლიანი ცენტრი, გოგა ბითაძეა, რომელიც პირველი რაუნდის შუა ნაწილში არჩეულ კალათბურთელზე გაცემულ ავანსებს ამართლებს.

21 წლის ბითაძემ თავისი თამაში იპოვა და ნეით ბიორკგრენის გუნდში როტაციის წევრი გახდა. გასულ სეზონში, ორლანდოში გამართული ბაბლისას იგი პარკეტზე ფეხის ტრავმის გამო ვერ გავიდა და მიმდინარე სეზონის საწყისი 12 შეხვედრა გამოტოვა. გოგა კალათბურთელიდან, რომელიც დარწმუნებული არ იყო, პარკეტზე სად უნდა ყოფილიყო და ბლოკები როგორ დაეყენებინა, ინდიანას ერთ-ერთ ყველაზე ძალისმიერ მოთამაშედ იქცა.

პეისერსის მეტოქეები ხვდებიან, რომ მაილს ტერნერის სათადარიგოთა სკამზე ყოფნის შემთხვევაში, სამწამიანში მარტივ შესვლას ვერ განახორციელებენ, რადგან იქ ბითაძე დახვდებათ. უაზრო ჯარიმები კვლავინდებურად ცუდ ჩვევად რჩება, მაგრამ დისციპლინითა და მეტი სათამაშო დროით ამის გამოსწორება შეიძლება.

„უფრო სწრაფად გადავადგილდები. პარკეტზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ და ვიცი, სად უნდა ვიყო. კომბინაციებსაც უფრო სწრაფად ვკითხულობ, ვიდრე ადრე“, - განაცხადა ბითაძემ, რომელიც ბოლო 7 შეხვედრაში საშუალოდ 8.2 ქულასა და 4.9 მოხსნას აგროვებს, 11-დან 5 სამქულიანი აქვს ჩაგდებული და პარკეტიდან 56 პროცენტით უტევს. გოგა ამ მაჩვენებლებს საშუალოდ 12 წუთში აფიქსირებს. „მნიშვნელოვანი შანსის მიღებაა. რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უკეთ მესმის თამაში“.

გასულ კვირას, მაიამის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ბითაძე პერიმეტრზე მყოფ გეიბ ვინსენტზე გადავიდა და აიძულა, სამქულიანი საერთოდ ფარს აეცილებინა. სცადა, დანკან რობინსონისთვის ხელი შეეშალა, რის გამოც ჰიტის მსროლელი დაყოვნდა და გარბენი გააკეთა. წინააღმდეგობა გაუწია სამწამიანში შესულ ანდრე იგუდალას, რის შემდეგაც „იგის“ ბურთი გაექცა და სროლა გააცუდა. გააოცა ტაილერ ჰირო, რომელმაც დრიბლინგი შეწყვიტა და გაცილებით მაღალი floater გაუშვა, რომელმაც მიზანს არ უწია.

პეისერსს საბონისის, ბროგდონისა და ლემბის გარეშე ზედიზედ 3 შეხვედრა ჰქონდა წაგებული, თუმცა სამნერის, ჰოლიდეის, მარტინის, სემპსონისა და ბითაძის კარგი თამაშის წყალობით სან ანტონიო დაამარცხა. ბოლო პერიოდში სისტემატური სათამაშო დრო მხოლოდ ბითაძესა და სამნერს ეძლევათ და სეზონის სტარტზე როტაციაში არც ერთი მათგანი ყოფილა.

„სტაბილური ვერ იქნები, როცა სათამაშო დრო არ გეძლევა. სათადარიგოთა სკამის კალათბურთელებთან ერთად პარკეტზე გასვლისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ საკუთარ გუნდს უპირატესობა მოვუტანო. რაც უფრო მეტი სათამაშო დრო მეძლევა, მით უფრო უკეთ ვასპარეზობ,“ - ამბობს გოგა.

ბითაძის თანაგუნდელმა, ჯასტინ ჰოლიდეიმ, რომელიც NBA-ში მერვე სეზონს ატარებს, ბევრი რამ გამოიარა. იგი კალათბურთელიდან, რომელსაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ჯერ როტაციის წევრად, შემდეგ კი იმ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელიც ზოგჯერ სასტარტო ხუთეულშიც ხვდება. „გოგა მატჩებისას თავის პოზიციებს პოულობს. როცა ახალგაზრდა ხარ, განსაკუთრებით თუ სადებიუტო სეზონს ატარებ, ეს შესაძლოა, ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ ახლა ბითძისთვის ყველაფერი უფრო მარტივადაა“, - ამბობს ჰოლიდეი.

ქართველი ცენტრი აღარაა კალათბურთელი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, ბურთის მიღების რცხვენია და არ იცის, რა პოზიცია დაიკავოს, როცა მეტოქე გუნდი ბურთის მქონე მოთამაშეს ხაფანგში აქცევს.

„ბევრი არ მითამაშია და ჩემთვის შეხვედრის წაკითხვა ან იმ ტემპში ასპარეზობა, რომელშიც მატჩი მიმდინარეობს, ძალიან ძნელია. პარკეტზე მყოფი ბიჭები გახურებულნი არიან და როცა სათადარიგოთა სკამიდან ერთვები, მათ ჭკუაში და თამაშით უნდა აჯობო“, - აცხადებს ბითაძე.

გოგა თავისუფლად ასპარეზობს, მეტად თავდაჯერებულია და სროლის აღარ ეშინია. ინდიანასთან მატჩისას, რუდი გობერი, რომელიც ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია, ფიზიკური და ძალისმიერი სტილის მხრივ თავის ტოლ-სწორს შეხვდა.

ბითაძემ იგი ფართან ახლოს არ მიუშვა და პოზიციის მოსაგებად გამართული ორთაბრძოლები მოუგო. 15 მარტს, ნიკოლა იოკიჩის წინააღმდეგ მან იგივე გააკეთა. გოგამ ჯოკერს ბრძოლა გაუმართა და აიძულა ტყორცნა კალათისთვის აეცილებინა, მისი გადაცემა ჩაჭრა და დაუფარა კიდეც.

ბოლო 7 შეხვედრაში გოგას მონაგარს თუ 36 წუთის მიხედვით გამოვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ იგი საშუალოდ 20.8 ქულას, 14.7 მოხსნასა და 2.7 დაფარებას აგროვებს. პარკეტიდან 56 პროცენტით უტევს, ხოლო პერიმეტრიდან - 45.5-ით, თუმცა საშუალოდ 7.8 ფოლს იღებს. ბითაძე დასრულებული პროდუქტი არაა, მაგრამ აჩვენებს, რომ ინდიანა არ შემცდარა, როცა 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. კალათისკენ ზურგით იგი ტერნერზე ძლიერია და საბონისზე უფრო სწრაფი და მობილური გახლავთ. თუ საბონისი ან ტერნერი ჯარიმებით დაიტვირთებიან, ინდიანას მათ შემცვლელზე ნერვიულობა აღარ მოუწევს და არც სემპსონის ცენტრის პოზიციაზე გამოყენების აუცილებლობა ექნება.

საბონისს მარცხენა კოჭი აწუხებს და შესაძლოა, რამდენიმე მატჩი გამოტოვოს, რის გამოც ბითაძე სავარაუდოდ უფრო მეტ შანსს მიიღებს. რა თქმა უნდა, ბიორკგრენი გოგას ისე არ გამოიყენებს, როგორც ლიეტუველს. ინდიანას შეტევების უმრავლებოსა საბონისის გარშემოა აგებული, ბითაძე კი მეტოქე გუნდს ზიანს მაშინ მიაყენებს, როცა მოწინააღმდეგის ფარზე ლევერტისა და თანაგუნდელების მიერ გაცუდებულ ბურთებს მოხსნის და მათ მიერ შექმნილ მდგომარეობას გამოიყენებს“, - წერს Indystar.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას" 22 მოგება და 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს გამართავს და „ჩიკაგო ბულსს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები