რეალი VS ლივერპული - მატჩის წინ
Aa
Aa

რეალი VS ლივერპული - მატჩის წინ

6 აპრილს ჩემპიონთა ლიგა დიდი მატჩით ბრუნდება - მადრიდში „რეალი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

2018 წლის ფინალის შემდეგ, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ყველა საუბრობდა ინგლისელთა რევანშზე და რამოსის-სალაჰის მორიგ დაპირისპირებაზე, თუმცა ამჯერად მადრიდელთა კაპიტანს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

ახლა უშუალოდ გავეცნოთ, თუ რა მდგომარეობაში არიან გუნდები და რა ითქვა მატჩის წინ.

რეალი

ზიდანის გუნდმა ლა ლიგის გასულ ტურში „ეიბარს“ უმასპინძლა და ძალების დაზოგვით 2:0 მოიგო. მადრიდელებმა ასენსიოსა და ბენზემას გოლებით იმარჯვეს, რის შემდეგაც თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს.

„სამეფო კლუბი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდა და ამჟამად მათი შანსები ძალიან რეალურია, თუმცა „ლოს ბლანკოსს“ კალენდარში არ გაუმართლა. „ლივერპულთან“ საშინაო მატჩის შემდეგ, მადრიდს „ბარსელონას“ ესტუმრება, შემდეგ კი „ზიზუს“ ბიჭებს „მერსისაიდელებთან“  განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა ელით. ალბათ უფრო რთული 8 დღიანი მონაკვეთის წარმოდგენა შეუძლებელიც არის.

დანაკლისი

„რეალს“ ამ მატჩში სერხიო რამოსი, ედენ აზარი და დანი კარვახალი დააკლდება. ფედერე ვალვერდემ კი მომჯობინება მოასწრო და განაცხადში იმყოფება.

მადრიდელებს იმედი ჰქონდათ, რომ აზარი „ლივერპულისთვის“ მზად იქნებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ბელგიელი მწყობრში ჩადგომას ვერ ასწრებს.

რა თქვა ზიდანმა მატჩის წინ

„ეს ფლეი-ოფია, ფინალია, რომელიც 180 წუთს ან უფრო მეტ ხანს გაგრძელდება. ვიცით ამ მატჩში რაც გველის და მასზე მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებულნი.

ჩვენ ვიცით, რომ ლივერპულთან რთული და მომთხოვნი მატჩი გვექნება. ამ დონეზე ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირება რთულია. ვიცით, რომ ლივერპული ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენმა მეტოქემ იცის, თუ რა არის საჭირო, რათა გაიმარჯვონ, ისევე როგორც ჩვენ.

ეს იქნება რთული დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოიგეს. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ წარსულზე (2018 წლის ფინალი) არ ვფიქრობთ“.

ლივერპული

კლოპის გუნდმა პრემიერ ლიგის გასულ ტურში „რეალთან“ მატჩისთვის ჩინებული განწყობა შეიქმნა. „მერსისაიდელებმა“ „არსენალს“ ლონდონში 3:0 მოუგეს და მე-4 ადგილისთვის ბრძოლას დაუბრუნდნენ. ამჟამად „ჩელსისთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა.

დანაკლისი

„ლივერპულს“ ვან დაიკი, მატიპი, გომესი და ჰენდერსონი დააკლდება. კლოპს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და „რეალი“ ამ შანსის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება.

„წითლებმა“ „არსენალთან“ შეხვედრაში ქაბაქისა და ფილიპსის დაცვის წყვილით ითამაშეს. რამდენად გაუმკლავდებიან ისინი ბენზემასა და კომპანიას, ამას მალე გავიგებთ.

რა თქვა კლოპმა მატჩის წინ

„ეს ამაღელვებელი მატჩია, ძალიან ამაღელვებელი. რთული წილისყრა იყო, თუმცა მე ყველაფერს კარგად ვიღებ. თუ გადავხედავთ სხვა გუნდებს გაიფიქრებთ - „ღმერთო ჩემო!“ იმიტომ, რომ ყველა გუნდი ძლიერია.

შეხვედრას მოუთმენლად ველი. მათ სულ რაღაც ორი წლის წინ შევხვდით და ეს ჩვენთვის რთული საღამო იყო. ასე რომ, მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და მორიგი შანსი, ეს ძალიან მაგარია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კურტუა, ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ასენსიო, მარსელო (ვინისიუსი), ბენზემა.

ლივერპული: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი, რობერტსონი, ფაბინიო, ტიაგო, ვაინალდუმი, სალაჰი, მანე, ჟოტა (ფირმინო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები